ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე ბალისტიკური დარტყმის შემდეგ - უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების ხელოვნური გაჭიანურება ტერორს უწყობს ხელს

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებიც არიან.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა. მოგვიანებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვის ოლქიდან კიევის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დარტყმა ქალაქის დესნიანსკის რაიონში, მეტროსადგურთან ახლოს მოხდა. მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად დნეპრის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვილოდიმირ ზელენსკი. მისი ინფორმაციით, რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა კიევში უნივერსიტეტის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სივრცეს დაარტყა - კერძოდ, სტუდენტურ კამპუსს, კიოტოს პარკს, მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და საცხოვრებელ სახლებს.
“როდესაც საფრთხე მუდმივია, როდესაც დარტყმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს და უშუალოდ ქალაქებსა და სოფლებს დაემუქროს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების ხელოვნური გაჭიანურება ტერორს უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე მიღწეული შეთანხმებები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ შესრულდეს. აუცილებელია, ჩვენმა პარტნიორებმა გააცნობიერონ: უკრაინას სჭირდება სათანადო საშუალებები რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად. ეს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა. მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი არაფერს ავლენს, გარდა მკვლელობისა და ომის გაგრძელების სურვილისა. უკრაინა ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ უნდა დარჩეს; ომის გაგრძელება და ადამიანების დაღუპვა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალია. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ყველა პარტნიორი უკრაინის გვერდით უნდა დადგეს - ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად”, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.



























