უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ოლეშკის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ოლეშკის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

„დღეს, კიევის დროით 03:00 საათზე და მოსკოვის დროით 04:00 საათზე, ჰუმანიტარული მისიის განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეულ ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მხარეები იცავენ იმ შეთანხმებებს, რომლებსაც რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იან ლანტრატოვასთან მივაღწიეთ“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ამოქმედდა. ამ მისიას უკრაინა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იან ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ახორციელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტა დაადასტურა.

„ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებისთვის მზადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს და 2026 წლის 27 ოქტომბერს, 04:00 საათიდან, „სიჩუმის რეჟიმი“ შემოიღეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვები პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, ოლეშკიში რუსული ბლოკადის პირობებში 6 ათასი ადამიანი იმყოფება.

თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ დროებით შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ოლეშკიში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის უსაფრთხო დერეფნის გავლით მომზადების მიზნიღ.

„დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ფრონტის ხაზზე ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა.