რომან გოცირიძე - რაც რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა

რომან გოცირიძე - რაც რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება „კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა“.

გოცირიძე ფიქრობს, რომ რუსთაველის გამზირის მსგავსი „უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის“ ხელისუფლება უნდა გადადგეს.

“დაახლოებით 30 წლის წინ სამეცნიერო კონფერენციაზე ვიყავი გერმანიის ერთ პატარა ქალაქ რაინეში, რომელიც ნიდერლანდების საზღვართან მდებარეობს. ეს პერიოდი დაემთხვა ჩემპიონთა თასის ფინალს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი არ მქონდა, გადავწყვიტე ბედი მეცადა-დავჯექი მატარებელში და ამსტერდამში წავედი. ბილეთი კი არა, ამსტერდამის ახლომდებარე ქალაქებში სასტუმროშიც კი აღარ იყო თავისუფალი ადგილი. ძლივს ვიშოვე ნომერი ჰაარლემში და თამაშსაც იქ ვუყურე.

ათეულობით ათასი გულშემატკივარი მოდიოდა მატარებლით იტალიიდან და ესპანეთიდან. ცენტრალური სადგურიდან ქალაქის გულისკენ მიმავალ ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მეტროპოლიტენს აშენებდნენ. არამყარი ნიადაგის გამო გვირაბი ვერ გაჰყავდათ და მშენებლობა ღია მეთოდით მიმდინარეობდა-დაახლოებით ისე, როგორც ახლა რუსთაველის გამზირზე. ათასობით იტალიელი და ესპანელი ქომაგი სიმღერ-სიმღერით მიემართებოდა სტადიონისკენ ამ მშენებარე ქუჩის ტროტუარით. სამუშაო ზონა იმდენად იდეალურად იყო იზოლირებული, რომ არც ტალახი აჭუჭყიანებდა რამეს და არც ქვიშის გორებიდან წამოსული მტვერი.

რაც დღეს რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა. მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს-მოქალაქეებს ატყუებენ, დასცინიან, ძარცვავენ და თავისუფლებას უზღუდავენ.

ნორმალურ სახელმწიფოში რუსთაველის პროსპექტის მსგავსი უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა.

ესენი რისი გადამდგომები არიან, გასაგდებები არიან და ასეც მოხდება”, - წერს გოცირიძე.

რუსთაველის პროსპექტის რეაბილიტაციის პროცესზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მანამდე გავრცელებულ განცხადებაშიც საუბრობდა. ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებდა გზის საფარის მოწყობის ხარჯების მოულოდნელ, 2-მილიონიან ზრდასა და ტროტუარებისთვის გამოყოფილ 12,5 მილიონ ლარზე. გოცირიძის განცხადებით, მერიის მიერ სამშენებლო კომპანიის სიმბოლური დაჯარიმება მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ემსახურება.

"რა ხდება რუსთაველის პროსპექტზე? მშენებლობა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, გაიწელება, ხარჯები (ანუ მოსაპარი ფული) გაიზრდება. გზის საფარის მოწყობის თავდაპირველი ღირებულება 19,8 მილიონი ლარი იყო, ახლა კი მას კიდევ 2 მილიონი ლარი დაამატეს. მერიამ თვალის ასახვევად მშენებელი კომპანია 13-ჯერ დააჯარიმა, ჯამში მხოლოდ 27 ათასი ლარით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურია. ეს მხოლოდ გზის საფარს ეხება. ტროტუარებზე სხვა კომპანია მუშაობს, რომლის მომსახურებაც 12,5 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს. თანხას იქაც დაამატებენ, რა თქმა უნდა. ასე იძარცვება მუნიციპალური თუ სახელმწიფო ბიუჯეტები. თბილისი ამ მხრივ გამორჩეულია", - დაწერა მანამდე გოცირიძემ.