ლაშა ხუციშვილი - მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს

ლაშა ხუციშვილი - მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს

მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას გააკეთა.

მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

„საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებასა და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლისას მან ქვეყნის სუვერენული რეიტინგების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სამივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ - Fitch-მა, S&P Global-მა და Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, რაც საქართველოს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„აღნიშნული შეფასებები განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობითა და საერთაშორისო რეზერვების ზრდით. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით დადებითი მოლოდინები შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. რა თქმა უნდა, სარეიტინგო კომპანიების შეფასებები მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია უშუალოდ ინვესტორების ნდობა ჩვენი ეკონომიკის მიმართ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივას აფასებენ, არამედ საკუთარ ფულად რესურსებს საშუალოვადიან პერიოდში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობას ანდობენ.