მედია - რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის არმიის ოფიცერი ნატო-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა

აშშ-ის არმიის ოფიცერი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის დააკავეს, ადამიანის უფლებების სპეციალისტი იყო და ნატო-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებენ.
წყაროების განცხადებით, ეჭვმიტანილი - 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ბრენდონ ტაინერი - 10 ნოემბერს, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში დააკავეს; მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ბრიტანული მხარე მას ბრალს წაუყენებს.
ოფიციალური პირის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში ბრალს წაუყენებენ, აშშ-ის სამხედრო უწყება ტაინერის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას თავად აშშ-ში, „სამხედრო მართლმსაჯულების ერთიანი კოდექსის“ საფუძველზე დაიწყებს. წყარომ ასევე დასძინა, რომ პენტაგონი ამ პროცესში იუსტიციის დეპარტამენტთან ითანამშრომლებს.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, დაკავებას წინ უძღოდა გამოძიება, რომელიც უწყების ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ FBI-სა და აშშ-ის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობით ჩაატარა.
„ეს მნიშვნელოვანი დაკავება ჯაშუშობის ბრალდებებს უკავშირდება, რაც უდიდესი შეშფოთების საგანია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე ჩვენი მოკავშირეებისთვის. მინდა მკაფიო გზავნილი გავაჟღერო: FBI-ს არავითარი შემწყნარებლობა არ გააჩნია მათ მიმართ, ვინც არღვევს შეერთებული შტატების წინაშე დადებულ ფიცს და ვისი ქმედებებიც საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს, ისე ჩვენი პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერს FBI-ის დირექტორმა კაშ პატელმა 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტაინერი, რომელიც არმიაში 2008 წლიდან მსახურობს, ავღანეთში, ერაყსა და კატარში იყო მივლინებული. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მოტივი ამოძრავებდა ტაინერს, თუმცა, ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ მან რუსეთის ხელისუფლებას რაიმე სახის სადაზვერვო ინფორმაცია გადასცა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ტაინერის მიერ მათი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის სავარაუდო მცდელობების შესახებ.
„ამ დაკავებას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს და არ ვიცით, რას უკავშირდება ის“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

























