2025 წელს მშპ-ის მოცულობა 108 418.1 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემებით 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), განათლება (5.8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7%)
2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5 პროცენტი), განათლება (16.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8 პროცენტი). კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6 პროცენტი) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (3.7 პროცენტი) სექტორებში,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

























