შალვა პაპუაშვილი - ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“ - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობაა

შალვა პაპუაშვილი - ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“ - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობაა

ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურნბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ის რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომები და ცალკეული შემთხვევები იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკა - ზუსტად იმავეს, ერთ-ერთში “ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე განხილვა არის არამხოლოდ სამართლებრივი პროცესი, არამედ საზოგადოებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

„ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არსებობდა საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის სამართლებრივი შეფასება გვქონოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომელშიც სიტყვა “სისტემური“ პირდაპირ წერია, როცა საქმე ციხეებში წამებას ეხება. გამოტანილია სამართლებრივი ვერდიქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში წამების სისტემური და სისტემატური გარემო იყო შექმნილი.

ვაკვირდებით, “ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლებს. მნიშვნელოვანი და კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არის არამხოლოდ სამართლებრივი პროცესი, არამედ საზოგადოებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების მხრიდან პირდაპირ რეჟიმში ვისმენთ და სასამართლოს წინაშე აცხადებენ, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ წამების სისტემა არსებობდა. კასრებში რომ რაღაც იპოვეს, ამბობენ, რა ვიცით, რა არისო - ეს მაშინ, როდესაც დანაშაულების მხილება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა. რეჟიმის შეცვლის შემდეგ ვნახეთ, ერთი მხრივ, რა დანაშაულს სჩადიოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი და შემდეგ ამ ყველაფერს როგორ ადოკუმენტირებდა ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით, როგორ ინახავდა მას, რომ შემდეგ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა საზოგადოებაზე თუ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ჩანაწერებში იყო. ცნობილია, რომ ასეთი ჩანაწერები მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებზე ჰქონდათ და საკუთარი გუნდის წევრებსაც აშანტაჟებდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.