შალვა კერესელიძე - დუბლინში ფოტო რომ გადაიღეს, არ ნიშნავს, რომ კობახიძე კმაყოფილია, მას არავინ დაუჯერებდა, რადგან ცნობილია, როგორც მატყუარა, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორი კი ლაშა ნაცვლიშვილია, რომელსაც კონსულტაციები რუსეთთან ექნება გავლილი

შალვა კერესელიძე - დუბლინში ფოტო რომ გადაიღეს, არ ნიშნავს, რომ კობახიძე კმაყოფილია, მას არავინ დაუჯერებდა, რადგან ცნობილია, როგორც მატყუარა, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორი კი ლაშა ნაცვლიშვილია, რომელსაც კონსულტაციები რუსეთთან ექნება გავლილი

დუბლინში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი რომ ტრადიციული ფოტოს გადაღებით დასრულდა, ეს არ ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე იქიდან კმაყოფილი დაბრუნდება. რაზე უნდა ესაუბრა და რა უნდა ემტკიცებინა კობახიძეს ევროპული სახელმწიფოს ლიდერებისთვის მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს კრძალავს და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი ხუთი პოლიტიკური პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დუბლინში ვიზიტი შეაფასა, სადაც მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს არავინ არაფერს დაუჯერებდა, რადგან ის ცნობილია როგორც „მატყუარა“.

„ფეხქვეშ გათელეს ყველა დემოკრატიული კანონმდებლობა! წინა კვირას პარლამენტში ახალი ცვლილებები შემოიტანეს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოირგო საარჩევნო კოდექსი და ფიქრობს, რომ 2028 წლის არჩევნები და სხვებიც მოგებული ექნება.

როგორ უნდა იმართლოს თავი და როგორ უნდა დაარწმუნოს ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, როცა ქვეყანაში განსხვავებული აზრი იდევნება? მას არავინ არაფერს დაუჯერებდა, რადგან ის ცნობილია, როგორც მატყუარა და თავისი სიტყვის არაშემსრულებელი ისევე, როგორც მთელი ხელისუფლება. ამის შემდეგ კი ის ფაქტი, რომ ტრადიციული ფოტო გადაიღეს, დამშვიდებისა და კმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მისივე თქმით, ბრიუსელთან დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია, თუ მიდგომებისა და დამოკიდებულებების შეცვლის მზაობა იარსებებს.

„ბრიუსელთან დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია, თუ მზაობა იქნება, რომ შეიცვალოს მიდგომები, დამოკიდებულებები და ის დიქტატორული კანონები, რომლებიც დანერგეს და დღესაც ნერგავენ. ამის შეცვლის მზაობა თუ იქნება, მაშინ შესაძლებელია საუბრის დაწყებაც და სიტუაციის გამოსწორებაც, მაგრამ ამაზე თუ უარს იტყვი და არსებულ კურსს განაგრძობ ისე, როგორც ახლა, როცა რუსეთის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებ, მაშინ კარგი შედეგის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გონს მოვა, ბრიუსელის შეთავაზებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე დიალოგს დაიწყებს, შეცვლის დამოკიდებულებებსა და მიდგომებს, ასევე იმ კანონებს, რომლებითაც დემოკრატია შეზღუდა“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ სურს, რომ გარანტირებული ჰქონდეს ძალაუფლებაში ყოფნა და ცხოვრება კორუფციული და დიქტატორული პრინციპებით გააგრძელოს.

„საქართველოს ხელისუფლებას უნდა, რომ თავად დარჩეს ხელისუფლებაში, გარანტირებული ჰქონდეს ძალაუფლებაში ყოფნა, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა ჰქონდეს, კანონმდებლობა და დემოკრატიული ინსტიტუტები კი საკუთარ თავზე ჰქონდეს მორგებული და ცხოვრება კორუფციული და დიქტატორული პრინციპებით გააგრძელოს.

ვიღაც ხმას თუ ამოიღებს, უნდა დაისაჯონ, ხოლო ვისაც განსხვავებული აზრი ექნება, მოღალატედ ჩაითვლება. ამის დასტურია მეუფე იობთან დაკავშირებული ფაქტიც, მან თქვა ის, რა პრობლემებიც ქვეყანაში არსებობს, მთელი პროპაგანდისტული მანქანა კი გამოიყვანეს და თავს დაესხნენ. ასეთი რეჟიმით ურთიერთობა ცივილიზებულ სამყაროსთან ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს, შალვა კერესელიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი მიზანი, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში და შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს, ამისთვის კი მათი მხრიდან მისაღები თუ მიუღებელი ფორმით ბრძოლაა საჭირო და ნაბიჯების გადადგმა.

„ქართულ ოცნებას“ დათვლილი აქვს ციფრები და ეს ციფრები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ნდობა დაკარგული აქვს, საკუთარ ამომრჩევლებშიც კი და ნორმალური არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლებაში დარჩენის თეორიული შანსიც არ რჩება.

ამიტომ საჭიროა ის, რომ დაიწყოს პოლიტიკური შურისძიება პოლიტიკოსების წინააღმდეგ მაგალითად, გახარიას წინააღმდეგ, ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი პოლიტიკური პარტიის გაუქმება. სურს, რომ არჩევნებზე მხოლოდ თავად და მისი მართული სატელიტი პარტიებით წარდგეს. რომ ჰქონდეს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მორგებული ექნება და გარანტია იქნება, რომ ხელისუფლებაში დარჩება. სატელიტ პარტიებს იმდენ პროცენტს დაუწერს, რამდენსაც უნდა.

აცხადებენ, რომ ოპოზიცია განულებულია და ამ დროს, საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთი პარტია არ უნდათ კონკურენტად იხილონ! თუ თვლი, რომ განულებულია და არ გეშინია, მაშინ რატომ ღელავ და გეშინია, რომ 2028 წელს კონკურენტებად იყვნენ წარმოდგენილები?

პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან ეს დაკვეთაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება. ჩვენს პარტიას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გეგმა გვაქვს. ოპოზიციური პარტიები და განსხვავებული აზრი რაც არ უნდა ჩაახშო, არ გაქრება, მაგრამ ხელისუფლებას ნდობა და მხარდაჭერა დაეკარგება. ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს „ოცნებაზე“.

სარჩელის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კონსულტაციები, რეკომენდაციები და რჩევები რუსეთის ფედერაციის შესაბამის წარმომადგენლებთანაც ექნებოდა გავლილი“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, შალვა კერესელიძე, ასევე, „ქართული ოცნების“ მიმართ მეუფეების - იობისა და ილარიონის კრიტიკულ პოზიციებსაც გამოეხმაურა. პოლიტიკოსის თქმით, „მთავრობა რომ დადგებოდა ეკლესიებში სანთლებით ხელში, სახეზე ეტყობოდათ, რომ ძალით იდგნენ და არანაირი რწმენა არ ჰქონდათ, ჩანდა, რომ ფარისევლურად იქცეოდნენ, ახლა კი ღია დაპირისპირებაზე გადავიდნენ“.

„ქართული ოცნება“ არასდროს ყოფილა ეკლესიის დამცველი, ფარულად ებრძოდა ეკლესიას, რადგან ხედავდა, რომ ეკლესია ძლიერი იყო, დიდი ავტორიტეტი და წონა ჰქონდა უწმინდესობიდან და სინოდიდან გამომდინარე. ეს მათთვის მიუღებელი იყო, ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ, მაგრამ ფარული ბრძოლები ყოველთვის მიმდინარეობდა. დანარჩენი იყო ფარსი, თითქოს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი მიიღეს. მთავრობა რომ დადგებოდა ეკლესიებში სანთლებით ხელში და სახეზე ეტყობოდათ, რომ ძალით იდგნენ და არანაირი რწმენა არ ჰქონდათ. ჩანდა, რომ ფარისევლურად იქცეოდნენ, ახლა კი ღია დაპირისპირებაზე გადავიდნენ. როდესაც მეუფე იობი გამოვიდა და თქვა, რომ დემოგრაფიული პრობლემებია და ა.შ. ეს სიმართლე არ მოეწონათ და მთელი პროპაგანდა თავს დაესხა.

გინებით დადასტურდა, რომ „ოცნებას“ არანაირი პატივისცემა, ნდობა და მხარდაჭერა ეკლესიის მიმართ არასდროს ჰქონია. ფარსია ისიც, რომ ვითომ ეკლესიას, რწმენასა და ოჯახურ ღირებულებებს იცავენ, რეალურად, ეკლესიას იყვნენ ამოფარებული, რომ საკუთარი სახელი და იმიჯი შეენარჩუნებინათ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.