დავით ფეიქრიშვილის დედა - ბრალის წარდგენა წამების მუხლით უნდა მომხდარიყო, როგორ ბედავთ 3 წლიან მუხლს? რატომ არ არის დაკავებული გიჩო მარგველაშვილი? ზაუტაშვილი სხვა ჯგუფია? პაატა სალიას კი ვეუბნები: დაწერე განცხადება და წადი!

დავით ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის თქმით, მისი შვილის ცემის ფაქტზე 7 პირისთვის, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის ყოფილი დირექტორისთვის, გიორგი პატარიძისთვის და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორისთვის, რამაზ ფირცხალავასთვის წაყენებული ბრალი, არასწორი კვალიფიკაციითაა.
როგორც აბრამიშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, ბრალდებულებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი წამების მუხლით უნდა ჰქონდეთ წაყენებული.
აბრამიშვილი მოითხოვს, თანამდებობა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.
“მე არ ვარ კმაყოფილი კვალიფიკაციით. ეს არ იყო ძალადობა, ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად ჩადენილს, აქ იყო წამება. ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი, ყველანი ჯგუფურად მუშაობდნენ - პატარიძეც, ფირცხალავაც, ვატო და შოთა ყიფიანი, გოცირიძე, ბილანიშვილი, კაჭარავა. გუშინ, პროკურორმა გასაგებად გააჟღერა ინფორმაცია, რომ 19 ოქტომბერს დათუნას ოჯახთან დაარეკინა პროკურორმა, ეს ჩვენ არ მოგვითხოვია, დათუნას არ მოუთხოვია. პროკურორმა დარეკვის უფლება მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურორი, ვაკის პოლიციის გამომძიებლები, რომლებიც დათუნას დაჭერაში მონაწილეობდნენ, ჯგუფურად მუშაობდნენ. დათუნამ [ძალადობის შემდეგ] დარეკა და დაჟინებით ითხოვდა, კარგად ვარ და აქ არ მოხვიდეთო. ეს დანაშაული ჯგუფურია. თუ დასჯაა, სახელმწიფოს უნდა ესმოდეს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა და იუსტიციის მინისტრსაც. მოვუწოდებ მთავრობას, დაუფიქრდით, რას აკეთებთ! თქვენ თუ სამაგალითოდ არ დასჯით ამ მთელ ბანდას, ვერაფერს დაუმტკიცებთ ხალხს. რატომ არ არის დაკავებული გიჩო მარგველაშვილი? რატომ არ წაუყენეს ბრალი ზაუტაშვილს? ისინი სხვა ჯგუფი იყვნენ?
პაატა სალიას ვურჩევ, თვითონ დატოვოს სამსახური, როცა ადამიანი კომპეტენტური არაა, მან სამსახური თვითონ უნდა დატოვოს.
სალია კონცერტებს ესწრებოდა და ზღაპრებს გვიყვებოდა, ციხეში რა კარგი მდგომარეობააო. ამ დროს, იცოდა, რომ ადამიანი ნაცემი იყო, მე კი, უბრალო ადამიანი დილიდან ღამემდე ქუჩაში ვეგდე და სიმართლეს ვითხოვდი. მან მე დამცინა! მე კი არ დამცინა, ყველა პატიმრის დედას დასცინა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს თქვა, რომ დანაშაულის ნიშნები ჩანდა, გია ვოლსკია. მხოლოდ ამ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის თქმა! ეს კაცი [სალია] დადიოდა და იცინოდა, გეგონება საქმე კარგად ჰქონდა! დაწერე განცხადება და წადი! რა უფლება აქვს, რომ დღესაც თანამდებობაზეა?
იცოდა? - ცუდია. არ იცოდა? - მთლად ცუდია, ორივე ცუდია! კარგი ის არის, ვაჟკაცობა ეყოს და სამსახურიდან წავიდეს, ვერ უძღვება!
როგორ გგონიათ, ციხის უფროსი ამ ყველაფერს ისე გააკეთებდა? და პატარიძე სუს-ის, შსს- გარეშე? მაშინ ყველა ფეხზე უნდა დავდგეთ, წასულია ჩვენი საქმე!" - აცხადებს აბრამიშვილი.
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა, გიორგი პატარიძისთვის და რამაზ ფირცხალავასთვის წაყენებული ბრალდების კვალიფიკაციით, ფეიქრიშვილის დედა უარყოფით პასუხს სცემს.
“არც ერთი წაყენებული ბრალი არაა დამაკმაყოფილებელი, ეს არის ნაცრის მიყრა, რადგან ყველამ გადასარევად იცის, რომ 4 ღამე, 5 დღე ამ ბანდას გარედან პოლიციის, სუს-ის თანამშრომლები ეხმარებოდნენ, ასევე პენიტენციურის, ციხის უფროსი, ეს არის ჯაჭვით შებმული ბანდა! მოდით, ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება სიმართლე გააჟღეროთ? ვერაფერს გადაფარავთ, სახელმწიფოში ისეთი მდგომარეობაა, თქვენ მეტი გზა არ გაქვთ, გამჭვირვალედ არ დაასახელოთ ყველა სახელი, გვარი და არ მიუსაჯოთ ის, რასაც იმსახურებენ! როგორ ბედავთ, 3 წელს? ადამიანი რომ არ მოკვდა, იმიტომ?” - აცხადებს აბრამიშვილი.
ის მისი შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების დამკვეთების გამოვლენას ითხოვს.
“ამიტომ არის საინტერესო, ვინ არის დამკვეთი, რომ ასე აფარებენ ხელს? ეს რომ ქუჩაში მომხდარიყო, კვალიფიკაციასაც კარგად გააშანშალებდნენ და ყველასაც დაიჭერდნენ. ამხელა სახელმწიფო დანაშაული მოხდა და საუბარია, 2-3 წელზე? დაგვცინით?
პროკურატურამ კარგად იცის, რა მუხლები უნდა წაუყენონ [პატარიძეს და ფირცხალავას], მათ მთელი მათი ცხოვრების მანძილზე პენიტენციურში მუშაობის უფლებაც უნდა ჩამოერთვათ, ეს პირები, რომლებმაც სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინეს, სამაგალითოდ უნდა დასაჯოთ. ნუ გეშლებათ, ეს სახელმწიფო დანაშაულია, ჩემი შვილი ქუჩაში არ უცემიათ, ჩემი შვილი ციხეში ცემეს, ეს სახელმწიფო დაწესებულებაა!” - განაცხადა აბრამიშვილმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ის პატარიძისა და ფირცხალავას დაკავებას, ასე პასუხობს:
“აუცილებლად ველოდები, თუ არადა, მე ვერ გამაჩუმებენ! მე სტრასბურგს აუცილებლად მივმართავ, საბუთებს უკვე ვამზადებ, მე არ გავჩუმდები!! 3 წელი ვატო ყიფიანს, რაც მას გაუკეთებია იმისთვის? წამების მუხლი უნდა წაეყენებინათ, იცოდეთ, ეს არ გამოგივათ!” - აცხადებს აბრამიშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს, რის შემდეგაც ისინი, 2026 წლის 20 ოქტომბრამდე დავით ფეიქრიშვილის წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებდნენ. ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.
პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























