სასამართლომ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული პარტია „კონსერვატიული მოძრობის“ხელმძღვანელის, კოკა მორგოშიას შვილია.
„ერთმანეთს მეტ-ნაკლებად იცნობდნენ, მაგრამ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ეგ არ ვიცი. ერთ მხარეს ვინც არიან დაკავებულები, ბავშვობის მეგობრები არიან და მეც ვიცნობ.
იყო ერთი დაჭრილი და ვიცი, რომ კარგადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, - განაცხადა კოკა მორგოშიამ.
ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























