ევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - ეს უფრო მეტ ზიანს ხომ არ აყენებს ქვეყანას, ვიდრე ზოგჯერ რაღაცის მოთმენა?

თითქმის ყოველი არჩევნების მერე ხან ერთი, ხან მეორე, ხან ყველა პარტიის მიერ მიდის მუდმივად განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა - ეს მუდმივად მაღალი ტონუსი, თუ გავითვალისწინებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, პირველი პრეზიდენტის ბედი ასე დამთავრდა, მეორე პრეზიდენტის ბედი ასე დამთავრდა, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის და გემოვნების მაჩვენებელი ხომ არ არის და უფრო მეტ ზიანს ხომ არ აყენებს ქვეყანას, ვიდრე ზოგჯერ რაღაცის მოთმენა?- ამ კითხვით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, მოსამართლე ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა.
მოსამართლე დაინტერესდა, მთლიანობაში, როდესაც მუდმივად ხდება არჩევნების შედეგების არაღიარება, ბოიკოტი, საპროტესტო აქციები და ნარატივი, მათ შორის, რევოლუციასთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესებისთვის, ეს რამდენად არის ხელსაყრელია.
„არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი პრაქტიკა, რომ თითქმის ყოველი არჩევნების მერე, ხან ერთი, ხან მეორე, ხან ყველა პარტიის მიერ მიდის მუდმივად განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა. არის ბოიკოტის მოთხოვნა, არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნა, მათ შორის უცხოელებთან თხოვნა ამის თაობაზე, რომ არ ცნოთ საქართველოს ხელისუფლებაო. ამას თან ახლავს საპროტესტო აქციები, რომლებიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება ხოლმე და ხშირად, ნარატივი რევოლუციის აუცილებლობის შესახებ, საკმაოდ ენერგიულად წარმოთქმული სიტყვები და ა.შ. მთლიანობაში, როდესაც ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის, ეს რამდენად არის ხელსაყრელი? ხომ არ იწვევს ეს ზოგადად არჩევნების იდეის დისკრედიტაციას? იმას, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ იმედი, რომ მართლაც შეიძლება მშვიდობიანად მოხდეს დროის გასვლა და ხელისუფლების მიერ გარკვეული სახელისუფლო ვადის ამოწურვის შემდეგ, მშვიდობიანად მოხდეს ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს მუდმივად მაღალი ტონუსი, რომელიც არის საქართველოში შენარჩუნებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, პირველი პრეზიდენტის ბედი ასე დამთავრდა, მეორე პრეზიდენტის ბედი ასე დამთავრდა, ეს მთლიანობაში დაბალი პოლიტიკური კულტურის და გემოვნების მაჩვენებელი ხომ არ არის და უფრო მეტ ზიანს ხომ არ აყენებს ქვეყანას, ვიდრე ზოგჯერ რაღაცის მოთმენა?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.
გოცირიძის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი ვერასდროს შეეგუებიან იმას, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული არასდროს იქნება.
„თქვენ გამოტოვეთ - მესამე პრეზიდენტმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ნახა, რომ არჩევნები წააგო. ქალბატონო ევა, რა მოვითმინოთ? საქართველოს კონსტიტუციური წეს-წყობილების ხელყოფა? რა მოვითმინოთ ? გაყალბებული არჩევნები, როდესაც არჩევნების უფლებას ართმევენ საქართველოს მოქალაქეებს? რა მოვითმინოთ? საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქუჩაში ურტყამენ? რა მოვითმინოთ? პოლიტიკური პატიმრები რომ გვყავს, გაზით რომ გვწამლავენ, არჩევანის უფლებას რომ არ გვიტოვებენ, სახელმწიფო რომ მიტაცებული აქვთ? მე არც ვთლი თავს რეპრესირებულად, ციხეები აქვთ ადამიანებს გამოვლილი. თქვენ გგონიათ, რომელიმე ჩვენგანის მიზანი ის არის, რომ ციხეში იყვნენ ან ქუჩაში ვიყოთ და ვიბრძოლოთ? არ არის ეს ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი თვითმიზანი ის კი არ არის, რომ არჩევნები მუდმივად არ ვაღიაროთ. მთავარი მიზანი არის, რომ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამშვიდდეს, ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს, დემოკრატიული განვითარებისთვის გზას დაუბრუნდეს, იმისთვის რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში და ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებმა მოიპოვონ წართმეული სახელმწიფო და თავისუფალი და სამართლიანი შესაძლებლობა მოიპოვონ. შესაბამისად, სანამ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ, მანამ, რას შევეგუოთ? მონობას შევეგუოთ და იმას შევეგუოთ, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული არასდროს არ იქნება ? ამას ვერასდროს ვერ შევეგუებით!“- განაცხადა წითლიძემ.

























