ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები მასობრივად და თუ ირღვეოდა, არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი მაშინდელი სახელისუფლო პარტია „ნაციონალური მოძრაობა”

ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები მასობრივად და თუ ირღვეოდა, არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი მაშინდელი სახელისუფლო პარტია „ნაციონალური მოძრაობა”

ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები მასობრივად და თუ ირღვეოდა, არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი მაშინდელი სახელისუფლო პარტია „ნაციონალური მოძრაობა”, - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრმა, მოსამართლე ევა გოცირიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზე მიმდინარეობს.

„ჩემი შეკითხვა შეეხება სწორედ იმ თემებს, რაზეც დღეს იყო საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასთან”, 2004-2012 წლის პერიოდი - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, სიცოცხლის უფლების, საკუთრების უფლების, პირადი ცხოვრების უფლების, მედიის თავისუფლებისა და ა.შ. და თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ასე იყო, მაშინ გვითხარით, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მაშინდელი მმართველი პარტია, დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა” არის ამის გამო პასუხისმგებელი, მთლიანად ან ნაწილობრივ”, - მიმართა გოცირიძემ გვარამიას.

ნიკა გვარამია დაინტერესდა, აღნიშნული კითხვა ნამდვილად მას მიემართებოდა თუ არა, რაზეც ევა გოცირიძემ დაუდასტურა, რომ სწორედ მას უსვამდა ამ კითხვას, გვარამიამ კი უპასუხა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.

„მართალი გითხრათ, მე ვერ ვხვდები შეკითხვის არსს. „ნაციონალურ მოძრაობას” რა მიემართება და რა არა, მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავადგინო ამ პროცესის ფარგლებში ან ჩემი აზრი რატომ უნდა გამაჩნდეს ამასთან დაკავშირებით. ეს სასამართლოა, პარლამენტში რომ ეკითხათ პოლიტიკურ დებატებზე, გასაგები იქნებოდა.

მე მგონია, რომ სამართლებრივ შეკითხვებზე მხარეებს პასუხები არ მოეთხოვებათ, ყოველ შემთხვევაში, როდესაც სხვა მოსარჩელეს ეხება სამართლებრივი შეფასება. ჩემთან დაკავშირებით თუ რამე გაქვთ, მკითხეთ.

ზოგადად, შემიძლია გიპასუხოთ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო 2004-2012 წლები, დღევანდელი განხილვის საგანი სამართლებრივი კუთხისა და შეფასების ეს ვერ იქნება. პარტიის აკრძალვის საფუძველი, დიახ, ქალბატონო ევა, არც ადამიანის უფლებების მასობრივი თუ როგორიც არის, დარღვევები არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული.

მასობრივიო, მკითხეთ. ეს ახალი ტერმინი გაჩნდა, მანამდე იყო სისტემური და სისტემატური. არ ვიცი, რას გულისხმობთ სიტყვაში „მასობრივი”. ეს არის ხუთი, ათი თუ ასი… არა იმაზე, მეტი, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”. “ქართულ ოცნებას” პირადად მე სამჯერ ვყავდი დაპატიმრებული და მიმაჩნია, რომ სამივეჯერ უკანონო პატიმრობაში ვიყავი და ასეთად ვიყავი აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამივეჯერ”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ, რაზეც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მიმართა მას და კონკრეტული პასუხის გაცემა მოსთხოვა.

„ბატონო ნიკა, თქვენ გეკითხებიან კონკრეტულ შეკითხვას და კონკრეტულად უპასუხეთ. თუ არ სცემთ პასუხს… რატომ მომემართებაო და თუ არ მოგემართებათ, შეგიძლიათ დაბრძანდეთ!” - მიმართა ნადარაიამ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ პარტიის გაუქმების საფუძველი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სიმძიმეზეა ორიენტირებული.

„პასუხს ვცემ დასმულ შეკითხვას იმ შინაარსით, როგორადაც ვთვლი საჭიროდ. რომ არ მინდოდეს და მინდოდეს, რომ გამოვრთო მიკროფონი და დავჯდე, დამიჯერეთ, ამას შესანიშნავად გავაკეთებ, ჯერ კიდევ მეხერხება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მე შემეხებოდა, მე არ მიმაჩნია, რომ ამ პარტიას ეს შეიძლება გაუქმების წინაპირობად დაუყენო. საქართველოს კონსტიტუცია ძალიან გასაგებად ამბობს, რა არის პარტიის გაუქმების წინაპირობა და ეს არ არის სიმძიმეზე ორიენტირებული. შეიძლება ადამიანის უფლებათა დარღვევების მასობრიობა, თუმცა, მე არ ვიცი, რას გულისხმობთ ამ სიტყვაში, სისტემურობა და სისტემატურობა ეს გასაგებია რაც არის, ოღონდ ვინ შეაფასა ეს ასეთად”, - აღნიშნა გვარამიამ, რაზეც რევაზ ნადარაიამ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ეს შეფასება სასამართლოს არ ეკუთვნის.

„არ შეფასებულა ბატონო ნიკა, გაწყვეტინებთ, სასამართლოს არ შეუფასებია. პასუხი ნუ იქნება ისეთი, თითქოს დასკვნით სიტყვას ამბობდეთ”, - განაცხადა ნადარაიამ.

ნიკა გვარამიამ თავის სიტყვაში განმარტა, რომ პარტიის გაუქმება არის სპეციფიკური ზომა და მისი წინაპირობაც არის სამართლებრივად სპეციფიკური.

„კარგით, მაშინ ხშირი დარღვევები იყო, მაგრამ უკვე გითხარით, არა უმეტეს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს და გაცილებით ნაკლები და არა უმეტეს ვიდრე არა ამ ხელისუფლების დროს და გაცილებით კიდევ უფრო ნაკლები.

საქართველოს ისტორიულ რაკურსში რაოდენობას თუ შევადარებთ, მასობრივია, ბევრია, სხვაზე მეტია თუ ნაკლები, მეორე საკითხია. ამაზე არც მიფიქრია, ეს რომ იყოს შეფასების უნარიანი ამ საქმისთვის, მეტი მექნებოდა ნაფიქრი, თავისთავად. ყველანი მაინც პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რაზე გავცემთ პასუხს ჩვენს ნაწილში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაფიქრი არ მაქვს იმიტომ, რომ მგონია, ადამიანის უფლებათა დარღვევა როგორი რაოდენობისა და სიმძიმისაც არ უნდა იყოს, ის არ არის კონსტიტუციით დადგენილი წინაპირობა პარტიის გაუქმებისთვის. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რასაც კონსტიტუცია ადგენს პარტიის დაშლისთვის, ის უფრო მძიმე რამ არის კონსტიტუციის თვალსაზრისით, ვიდრე უფლებების თუნდაც მასობრივი დარღვევა. არა, ამას არ ნიშნავს. პარტიის გაუქმება არის სპეციფიკური ზომა და მისი წინაპირობაც არის სამართლებრივად სპეციფიკური”, - აღნიშნა გვარამიამ.

ევა გოცირიძემ კონკრეტულ ფაქტებზე სთხოვა გვარამიას პასუხის გაცემა.

„ბატონო ნიკა, ვერ გავიგე. ფაქტებზე პასუხი არ გამეცით, იყო თუ არ იყო, არ მეუბნებით ზუსტად”, - მიმართა გოცირიძემ.

გვარამიამ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება კრიმინალს ძალიან ეფექტურად ებრძოდა და გადაცდომები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში დაფიქსირდა, კრიმინალთან ჰიპერაქტიური ბრძოლით იყო გამოწვეული.

„როგორ არ გეუბნებით. მეც ვიყავი იმ ხელისუფლების მინისტრი, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებშიც ვყოფილვარ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მეტი წარმატება კრიმინალთან ბრძოლაში [გასაგებია, რომ მიკერძოებული ვარ ორივე თვალსაზრისით, მაგრამ რაკიღა მისვამთ ამ შეკითხვას, იმის პრეზუმფციით მისვამთ, რომ ჩემს მიკერძოებასაც ითვალისწინებთ], მე მგონია, რომ ყველაზე წარმატებული ხელისუფლება იყო კრიმინალთან ბრძოლაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში, შესაბამისად, გადაცდომებიც გამოწვეული იყო ძალიან ჰიპერაქტიური ბრძოლით.

რომ ლაპარაკობენ ხოლმე სააკაშვილის მიერ ნათქვამ ნულოვან ტოლერანტობაზე, ამ სიტყვათა შეთანხმებაში რა არის აკრძალული, მე ვერ ვხვდები იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სიტყვათა შეთანხმებაა - ნულოვანი ტოლერანტობა რომელიღაც დანაშაულის მიმართ, მაგრამ ეს არ შეიძლება უწყვეტი პოლიტიკა იყოს, ამაში ყველას ვეთანხმები. ეს არის საბალანსო. რეალურად, სახელმწიფოს შეიძლება რაღაც წლები ჰქონდეს. ისე, როგორც სასამართლოს შეიძლება გაიდლაინები ჰქონდეს, უყურებდეს, როგორია სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და ერთმა და იმავე მოსამართლემ სხვადასხვა წლებში შეიძლება ერთსა და იმავე ტიპის დანაშაულზე განსხვავებული სასჯელი გამოიტანოს. ეს სავსებით ნორმალურია იმიტომ, რომ კრიმინალური ფონი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ისე პროკურატურისთვის, ისე სასამართლოსთვის და ისე პარლამენტისთვის არის ჩვეულებრივი წინაპირობა გადაწყვეტილების მიღების, სამართალშეფარდების პირობებში”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევა გოცირიძემ კიდევ უფრო დაუკონკრეტა კითხვა, ადამიანის უფლებების დარღვევა არის თუ არა კონსტიტუციური წყობილების დამხობა იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია.

„თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანის უფლებები არ მიემართება პარტიების აკრძალვის საკითხს და რელევანტური არ არისო. ამიხსენით, რატომ არ არის რელევანტური მაშინ, როდესაც კონსტიტუციის 23-ე მუხლი ითვალისწინებს პარტიის გაუქმების შესაძლებლობას კონსტიტუციური წყობილების დამხობისთვის და იმაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ადამიანის უფლებები არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი კონსტიტუციური წყობილებისა. თუ ადამიანის უფლებების დარღვევა გასცდა ისეთ ფარგლებს, როდესაც ეს იძენს სისტემურ და სისტემატურ ხასიათს და ხშირ და მიუტევებელ დარღვევას როდესაც აქვს ადგილი, ეს გულისხმობს თუ არა კონსტიტუციური წყობილების კომპონენტის ჩამოშლას, რომ ადამიანის უფლებები აღარ არის დაცული, ასეთ დროს რატომ არ დაუკავშირდება ის პარტიის აკრძალვის საკითხებს?” - მიმართა გოცირიძემ გვარამიას.

გვარამიამ ადამიანის უფლებების დარღვევა და კონსტიტუციური წყობილების დამხობა გამიჯნა და ახსნა, რატომ არ უკავშირდება ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს.

„არა, არ გულისხმობს [ადამიანის უფლებების დარღვევა კონსტიტუციური წყობილების კომპონენტის ჩამოშლას]. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჯერ ერთი „დამხობა” - ზმნა ნიშნავს ძალადობის გამოყენებას და დამხობა ადამიანის უფლებათა თავის არ შეიძლება და არც ამის მეშვეობით კონსტიტუციური წყობილების. ძალიან გასაგებად წერია, დამხობა ან ხელისუფლების ძალადობით შეცვლა. ერთი გულისხმობს წყობილების შეცვლას ანუ სახელმწიფოს დატოვებას სახელმწიფოებრივი მმართველობის ორგანოების გარეშე, ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა, მათ შორის, საქართველოში, ხოლო ძალადობით შეცვლა ნიშნავს ხელისუფლების ჩანაცვლებას ანუ მითვისებას ძალადობრივი მეთოდით, რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ. ორივე ძალადობრივია. სიტყვა ხელყოფა გამოყენებულია ერთადერთხელ და იგი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ეს ეხება კონსტიტუციის ძირითად დებულებებს, მაგრამ აქ კითხვა შემოდის, რა არის კონსტიტუციის ძირითადი დებულებები. კონსტიტუციის ბაზისებში შედის თუ არა უფლებები? ცხადია, შედის. დგება თუ არა ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებლობა? ცხადია, დგება, ოღონდ არა პარტიის. დგება თანამდებობის პირის ან ინდივიდუალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო პასუხისმგებლობა. საერთაშორისო სასამართლოები სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იხილავენ, შიდა სასამართლოები ინდივიდუალური პასუხისმგებლობას იხილავენ.

სხვაგვარ პასუხისმგებლობას პარტიასთან მიმართებით, ისეთი ზომის გამოყენებას, რასაც პარტიის დაშლა ჰქვია, ქართული კონსტიტუცია ასეთ ზომას არ იცნობს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.