არჩილ გორდულაძე - მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი

არჩილ გორდულაძე - მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი

მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში სასამართლო სხდომებზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფაქტების წინააღმდეგ წასვლა და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ისმოდა.

„ამ კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და დარბაზმა აიტანა ფაქტების წინააღმდეგ წასვლა, აბსოლუტური ტყუილი, სამართლებრივი ნონსენსი, მიხეილ სააკაშვილთან „ნაცმოძრაობის“ გამიჯვნა, „გახარიელებისა“ და „ლელოელების“ მიერ „ნაცების“ დაცვა - ამ ყველაფრის ატანა თუ შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ადამიანი. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც შენ შეგიძლია კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელო და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარი თქვა და ამავდროულად იყო უცხო ძალის აგენტი, მათ შორის, ამ ყველაფერს კი შეძლებ. ეს არის ერთი შეჯამება, მათ შორის, იმ „ტოპ ტვინებითა“ და „განსაკუთრებული ინტელექტითა“ და „გამორჩეული ადამიანებითა და პროფესიონალიზმით“ - ქალბატონი ანა წითლიძე, როგორც ამბობდა დღეს, გუშინ და ამ კვირის განმავლობაში, ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2004-2012 წლებში არ ყოფილა ხელისუფლებაში.

მომავალი კვირიდან გაგრძელდება მოსამართლეების შეკითხვებით სხვა „ნაცპარტიებთან“, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ იმავეს ვიხილავთ, რასაც ვუყურებდით „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხების შედეგად, მათ შორის, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს ეწინააღმდეგებოდა. დღეს საერთოდ, ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი, იმიტომ, რომ ყოველ ნათქვამზე ამტკიცებდა, რომ მისი და მისი პარტიის ნამოქმედარი არ არის ანტიკონსტიტუციური, სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს თავი რომ დავანებოთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.