მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე - ვუყურებ პროცესს და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა მე არ შემიძლია უარგუმენტოდ ვაკრიტიკო ან დავიცვა რომელიმე მხარის პოზიციები

ვუყურებ პროცესს და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა მე არ შემიძლია უარგუმენტოდ ვაკრიტიკო ან დავიცვა რომელიმე მხარის პოზიციები, - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ვლადიმერ ხუჭუას შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს და, მეორე მხრივ, აკეთებენ იმ ქმედებებს, სადაც მართლმსაჯულების მოლოდინი აქვთ.
ვლადიმერ ხუჭუას თქმით, პოზიციის ცვალებადობა საზოგადოებისთვის დამაბნეველია.
„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მხარემ სასამართლოში თქვას, რომ არ ენდობა სასამართლოს, სასამართლოს მიღებული აქვს წინასწარ გადაწყვეტილება, მართლმსაჯულება არ არსებობს და ამავე დროს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინონ თავიანთი პოზიციები, სასამართლოს მიაწოდონ არგუმენტები და ითხოვონ, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს მათი არგუმენტები, ეს არის შეუძლებელი. თუ მხარეს გულწრფელად მიაჩნია, რომ ამ დავას არავითარი აზრი არ აქვს, მან უნდა წარმოადგინოს სათანადო არგუმენტაცია და აუხსნას, სასამართლოსადმი უნდობლობის საფუძველი რა არის. შეუძლებელია საზოგადოებამ მიიღოს სწორი მართლმსაჯულება, თუ ეს ჩვენ არ გვინდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ არ ვენდოთ მართლმსაჯულებას, მაშინ ჩვენ ეს სწორად უნდა გამოვხატოთ, შეუძლებელია, რაღაც ვთქვათ, სხვა რამ ვიფიქროთ და შემდეგ სხვა რამ ვაკეთოთ, ეს მიუღებელია და არ წაადგება არავის. შეუძლებელია ერთი და იგივე ადამიანი ამბობდეს, რომ აქ მართლმსაჯულება არ არსებობს და მეორე მხრივ აკეთებდეს იმ ქმედებებს, სადაც მართლმსაჯულების მოლოდინი აქვს. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ საზოგადოებას.
ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ არ ვთქვათ, რომ ჩვენი იმედი ქართული მართლმსაჯულება კი არ არის, ჩვენი იმედია მხოლოდ სტრასბურგის მართლმსაჯულება. ჩვენ ამას მივეჩვიეთ, ჩვენ ამას ისე ვამბობთ, თითქოს კარგ რამეს ვამბობთ. სამართლიანობას ისე ვეძებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ აქ არავის არ ვენდობით, არავის არ ვცნობთ, ეს ქვეყანა არ არის საქართველოს მოქალაქის დაცვის გარანტი. თუ ამას ფიქრობს საზოგადოება, მაშინ ამას სჭირდება სხვა მოქმედებები და ამას სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, ამას სჭირდება ცვლილებები“, - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.
ვლადიმერ ხუჭუამ გადაცემაში ისაუბრა კანონის იმ ნორმაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კერძოდ, მოსამართლეს, რომელიც კონფერენციას ვერ ესწრება, არ აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი ან სხვა მოსამართლის კანდიდატურა და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებაში.
მოსამართლე აცხადებს, უნდა შეიქმნას ნორმების ისეთი ერთობლიობა, რომელიც რეალურ კონკურენციულ გარემოს შექმნის.
„მე, როგორც მოსამართლეს, შემეზღუდა უფლება, მიმეღო მონაწილეობა, დამეყენებინა საკუთარი, ან სხვა კანდიდატი, ან მიმეცა ხმა ნებისმიერი საკითხის განხილვაში იმიტომ, რომ მე ვასრულებდი მართლმსაჯულებას. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ მე მქონდა ამის სურვილი, მე ამას ვაპირებდი და ა.შ. აქ ლაპარაკია უფლებაზე.
შეუძლებელია, რომ მოსამართლის უფლება იყოს ამით დარღვეული. კანონმდებელმა დააწესა ეს შეზღუდვა, კანონმდებლის ნებით შეეზღუდა მოსამართლეს თვითმმართველობაში მონაწილეობის უფლება. კანონმდებელმა უნდა მონახოს ისეთი ნორმების ერთობლიობა, რომ მოსამართლეებმა საღად, კონკურენციის პირობებში, კანდიდატის გონივრულ ვადაში დასახელების პირობებში, შეიქმნას რეალური კონკურენციული გარემო.
კანონმდებელი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე, უნდა მივიდეს ერთ კონკრეტულ ადგილზე. მოსამართლე, რომელიც მუშაობს მესტიაში, ცაგერში, უნდა იაროს 5-6 საათი ერთი მიმართულებით, უნდა ჩამოვიდეს თბილისში. მან არ იცის რომელი კანდიდატი იქნება დასახელებული, არ აქვს წარმოდგენა იმიტომ, რომ კანდიდატი სახელდება მხოლოდ კონფერენციაზე. შემდეგ, ისე, რომ მან არ იცის, რა საკითხი იხილება და რომელი კანდიდატი რა ხედვას წარმოადგენს, იქვე უნდა გადაწყვიტოს, ვის აძლევს ხმას, იქვე უნდა გადაწყდეს ეს საკითხები ერთ დღეში“, - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

























