თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა გია ძლიერაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა 62 წლის გია ძლიერაშვილი დააკავეს.
როგორც ირკვევა, მკვლელობა 4-წლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. კერძოდ კი, სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა, საცხოვრებელს არ ტოვებდნენ. მხარეებს შორის, მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა. 12 ნოემბერს კი, ბრალდებულის დის ბინიდან გამოსახლება იყო დაგეგმილი.
გია ძლიერაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























