მერაბ დვალიშვილი - ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ

მერაბ დვალიშვილი - ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ  ვაპირებ

ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს. კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ. მსურს მადლობა ვუთხრა ყველას ვინც აბუ-დაბიში ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ თბილად მხვდებიან. ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - მე საჩივრის შეტანას არ ვაპირებ. მსურს მშვიდობა და საუკეთესო - ყველასთვის. მადლობა ყველას თქვენი სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის”, - წერს დვალიშვილი.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.