ვატო ყიფიანის ადვოკატი - წარდგენილი ბრალი დავით ფეიქრიშვილის მიერ დადგმული სცენაა და საჭიროებიდან გამომდინარე იცვლება, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა - რაც შეეხება პატარიძესთან ნათესაობას, ცალსახად უარვყოფთ

ეს ბრალი, რაც წარდგენილია, დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი და დადგმული სცენაა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება - გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელი მოგვაწერინეს,- ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვატო ყიფიანსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძეს არანაირი ნათესაური კავშირი არ აკავშირებთ.
„ეს ბრალი, რაც წარდგენილია, არის დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი, დადგმული სცენა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელი მოგვაწერინეს.
პატარიძესთან არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, უბრალოდ, იცნობენ ერთმანეთს. არანაირი ნათესაური კავშირი და ნათელმირონობა არ აქვთ. პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, მაგრამ დეტალების განხილვაში ვერ შევალთ. თვითონ გააკეთეს კომენტარი იმ ნაწილში და იმ ფარგლებში, რაც მათი ინტერესებისთვის შედიოდა და სჭირდებოდათ; დაცვის მხარეს გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უნდა გავჩუმდეთ, კი ბატონო, ამ ეტაპზე ვჩუმდებით. ყველაფერი ფეიქრიშვილის სცენარზეა აგებული“,- განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებული დანარჩენი პირებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინათ.

























