პროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი

გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას ბრალდება წარედგინათ, მანამდე ისინი მოწმის სახით გამოკითხულები არიან და დეტალური ინფორმაცია აქვთ მოწოდებული გამოძიებისთვის - გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ ბრალდების მხარეს გირაოს მოთხოვნა აქვს,- ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების, პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ დროისთვის პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, როდესაც ბრალდებული ვატო ყიფიანის თხოვნა გაითვალისწინა და №8 პენიტენციური დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორის რამაზ ფირცხალავას, მიუთითა დავით ფეიქრიშვილის საკანში კონკრეტული პირების შესახლებისკენ.
„დადგენილია შემდეგი ფაქტი, რომ ვახტანგ ჟვანიამ [ვატო ყიფიანმა] რამაზ ფირცხალავას [№8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი] სთხოვა, რომ კონკრეტული პირები შეესახლებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში. ამის შემდეგ რამაზ ფირცხალავა უკავშირდება გიორგი პატარიძეს [პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი], რომელიც რამაზ ფირცხალავას მიუთითებს, რომ დააკმაყოფილოს [ვატო ყიფიანის] თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში კონკრეტული პირების შესახლების თაობაზე. ამით კი დადგენილია შემდეგი ფაქტები - ის რომ ვახტანგ ჟვანიამ, რამაზ ფირცხალავას სთხოვა, რომ კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა უკავშირდება გიორგი პატარიძეს, რომელიც უთითებს რომ დააკმაყოფილოს თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახელების თაობაზე. მან გაითვალისწინა მისი სთხოვა და ამ ქმედებით სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა.
გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ ბრალდების მხარეს გირაოს მოთხოვნა აქვს, მიგვაჩნია, რომ გირაო სრულად იქნება საკმარისი აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება .რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

























