ვოლოდიმირ ზელენსკი - Starshield-ის ტერმინალებზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, ვიმედოვნებთ, რომ ისინი მოიხსნება - მნიშვნელოვანია, ისტორიის სწორ მხარეს იდგე, უკრაინის დახმარება აუცილებელია

რუსები ქვესადგურებს „შაჰედებით“ უტევენ. ამ დარტყმებიდან ბევრი მიზანს აღწევს, რადგან ფრონტის ხაზზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, უკრაინის დრონები 161 კმ/სთ სიჩქარის მიღწევისას კავშირს წყვეტენ ოპერატორებთან და, შესაბამისად, ვეღარ ეწევიან რეაქტიული ძრავებით აღჭურვილ რუსულ „შაჰედებს“.
“ვიმედოვნებთ, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნება. ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ზამთრის მოახლოებასთან ერთად. საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ოფისის გუნდებს დაევალათ, მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლონ ამერიკულ მხარესთან და კომპანია SpaceX-თან. მნიშვნელოვანია, ისტორიის სწორ მხარეს იდგე. უკრაინის დახმარება აუცილებელია”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 300-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 590 საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 15 რაკეტა გამოიყენა.
“ეს არის სასტიკი დარტყმები, რომელთა მოგერიებაც რთულია”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, წუხელ და დღეს დილით რუსებმა იერიში მიიტანეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზაპოროჟიეში, ასევე სუმის, ოდესის, ჟიტომირისა და კიროვოგრადის ოლქებში. თავდასხმის სამიზნე გახდა რკინიგზის ინფრასტრუქტურაც დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. რუსეთმა ასევე განახორციელა დარტყმები დონეცკისა და კიევის ოლქებზე, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა.

























