ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება

ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ.

ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით : „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმს მარტა კოსი გახსნის, რასაც მოჰყვება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის, მიმართვები. ღონისძიების დროს მონაწილეები განიხილავენ გაფართოების როლს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია რეფორმებს, ინვესტიციებსა და ზრდას დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პროცესის წარმართვა და ევროპის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ხელშეწყობა.

ღონისძიებას დაესწრებიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა, კომისარი ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისი, კომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი, ასევე მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ მინისტრი სერგეი კორეცკი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ხრისტიან მიცკოსკი.

“ფორუმი შესაძლებლობას შექმნის, განიხილონ გაფართოების წლევანდელი პაკეტი და გაფართოების პარტნიორი ქვეყნების მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, აგრეთვე მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე წინ წასული ქვეყნებისათვის განსაზღვრული საორიენტაციო საგზაო რუკები, რომლებიც ამ თვის დასაწყისში წარადგინეს და მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვასა და უკრაინას მომავალი წლისთვის რეფორმების განხორციელების მკაფიო გზას უსახავს. ფორუმზე ასევე იმსჯელებენ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კომუნიკაციაზე - „უფრო ფართო ევროპისთვის მზადება“, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად და ამავდროულად უზრუნველყოს, რომ გაფართოებული კავშირი უფრო ძლიერი, მდგრადი და ეფექტიანი გახდეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.