ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ღარიბაშვილი გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.
არაერთი განცხადება გავრცელდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების ფაქტს შეეხებოდა, რომელიც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად წამებასთან არის გათანაბრებული“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

























