გიგი წერეთელი - როცა მეუფეები „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს, ტაშს უკრავდნენ, ახლა კი თურმე პოლიტიკაზე ლაპარაკი არ შეიძლება - როცა გინდა ყველა მოსპო, გეწყება რღვევის პროცესი! არა მგონია, ხელისუფლებას ჭკუა ეყოს და სიტუაციის დამშვიდება შეძლოს!

გიგი წერეთელი - როცა მეუფეები „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს, ტაშს უკრავდნენ, ახლა კი თურმე პოლიტიკაზე ლაპარაკი არ შეიძლება - როცა გინდა ყველა მოსპო, გეწყება რღვევის პროცესი! არა მგონია, ხელისუფლებას ჭკუა ეყოს და სიტუაციის დამშვიდება შეძლოს!

როდესაც გინდა ყველა მოსპო, პარტიები გააუქმო, ყველა კრიტიკული ხმა გააჩუმო და არც ეკლესია იყოს შენი შემპასუხებელი, ისტორიული და ქრესტომათიული ამბავია, რომ ამის შემდეგ შენ გეწყება პრობლემები, რღვევა და პროცესს ვეღარ შეაკავებ - არა მგონია, ხელისუფლებას ჭკუა ეყოს და სიტუაციის დამშვიდება შეძლოს! - ამ კონტექსტში ხედავს და აფასებს პარტია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი დაპირისპირებას, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირსა და “ქართულ ოცნებას“ შორის იჩინა თავი.

როგორც წერეთელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ის, რაც ეკლესიასთან და რამდენიმე მეუფესთან დაკავშირებით ხდება, “ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დამაზიანებელია. მისივე აზრით, პროცესს გაგრძელება ექნება.

“ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს სივრცე ძალიან კარგად ვიცი. ვიყავი რა საკონსტიტუციო შეთანხმების კომისიის ხელმძღვანელი, საპატრიარქოსთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ბევრთან წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა და ბევრს ძალიან კარგად ვიცნობ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ძალიან დამაზიანებელი და შეიძლება კიდევ უფრო ფართო მასშტაბის იყოს. რეაქცია, რასაც “ქართული ოცნების“ მხრიდან ჰქონდა ადგილი, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ყველაფერი.

ძალიან კარგად ვიცით, რომ მეუფე იობი ოპოზიციის მხარდამჭერი არასდროს ყოფილა. ის, რაც მან ილაპარაკა, ძალიან გაბედული და საფუძვლიანი იყო. როგორც არ უნდა გაარჩიო მეუფე იობის ქადაგება, ეს არის იმ სიავის გამოააშკარავება, რაც რეალურად არსებობს - დაწყებული ნარკომანიის წარმოუდგენელი გავრცელებით, თამაშით, კორუფციით და თვითონ სამღვდელოების კრიტიკითაც, რომელიც ხელისუფლებას შეეზარდა და მისით საზრდოობს.

ტაშს უკრავდნენ და ძალიან მოსწონდათ, როდესაც რომელიმე მეუფე ან მღვდელი “ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს და ოპოზიციას გააკრიტიკებდა. ახლა გვესმის აღშფოთებები, რომ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ვნახავთ ამ პროცესის გაგრძელებას - არა მგონია ხელისუფლებას იმის ჭკუა ეყოს, რომ სიტუაცია რაღაცნაირად დაამშვიდოს. ამის რესურსი გამქრალია, რაც დამახასიათებელია დიდი ხნის ხელისუფლებისათვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ საუბრის კიდევ ერთი თემა ბრიუსელში მიმდინარე გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი იყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის.

წერეთლის განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი პოზიციაა უცხოეთის პოდიუმებზე ტანტრუმები და პარტნიორებთან შებრძოლებები.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში არ არიან, ადასტურებს, რომ ვითარება რთული და მძიმეა.

“ეს სიურპრიზი არ არის, რადგან 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა, რომ ევროინტეგრაცია ჩერდება. ამის შემდეგ ყველაფერი უკან და უკან წავიდა. ჩვენ ვხედავთ მანევრებს, რითაც ცდილობენ, რომ ევროკავშირს საკუთარი ვერსიები შესთავაზონ, რომ ყველა “ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას და მის სურვილებს მოერგოს და ისეთები მიიღონ, როგორებიც არიან. დღევანდელი ღონისძიება გაფართოების მთავარი ღონისძიებაა, სადაც იქნება შეჯამება, პროგრესზე ლაპარაკი, მათ შორის იქნება კრიტიკული საკითხებიც, რადგან ანალიზი და დისკუსია მხოლოდ დადებით შეფასებებს არ გულისხმობს.

ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსთან ურთიერთობის მთავარი ფაქტორი არ არის. ასევე კეთილგანწყობას და სხვა ყველაფერზე ხაზის გადასმას არ გადაწყვეტს ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. ჯერ ერთი, ამ ეკონომიკური ზრდის საზოგადოებაზე გავლენა როგორია?! თუ ასეთი ეკონომიკური ზრდაა და ასე აყვავებულია ყველაფერი, რატომ მიდის ამდენი ხალხი ემიგრაციაში?! რატომ ვერ ხედავენ ახალგაზრდები აქ დასაქმების, განვითარებისა და მაღალი დონის განათლების მიღების პერსპექტივას? ადამიანებს შემოსავლები გაეზარდა?! ფასები სტაბილურია და არაფერი არ ძვირდება?! შემოსავლები ფასებს არ ეწევა და ტრაბახია იმაზე, რომ ეკონომიკა არაჩვეულებრივად არის და ეს არის ის დროშა, რითაც ევროკავშირში კარს გაგვიხსნიან, ეს კი იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, კონსტიტუციის ვალდებულებები არ სრულდება და ბრძოლაა გამოცხადებული ევროპასთან, რომელიც უსაფრთხოების ყველაზე ახლო და ყველაზე დიდი გარანტიაა.

ბრიუსელში მიმდინარე ღონისძიებაზე ყველა ისაუბრებს პროგრესზე. ჩვენ რომ პროგრესი და ინტეგრაცია გვქონოდა, რამდენ პროგრამასთან მიგვიწვდებოდა ხელი და რამდენი ინვესტიცია შემოვიდოდა საქართველოში”, - განაცხადა გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის“ ეთერში.