რუსული მედია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან პირველი კონტაქტები დამყარდა - მოლაპარაკებებში რუსეთს მიხაილ გალუზინი წარმოადგენს

რუსეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან, კონტაქტები დაამყარა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, მისი კოლეგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ასახავს თბილისის დაინტერესებას, შეინარჩუნოს და განავითაროს ჩვენს ქვეყანასთან კომუნიკაციის არხები. ამას მივესალმებით. რუსეთი უცვლელად ემხრობა საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დავამყარეთ“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არსებითად რუსეთ-საქართველოს დიალოგის აღდგენას ნიშნავს, რომელიც 2012 წელს დაიწყო და თითქმის 10 წელი მოქმედებდა.
სამინისტროს შეფასებით, ეს მექანიზმი, რომელიც „კარასინ-აბაშიძის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი, წარმატებული და სასარგებლო იყო.
“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, კიდევ უფრო მეტ ბიძგს მისცემს რუსეთ-საქართველოს დიალოგს და ორმხრივი თანამშრომლობისადმი უფრო სისტემურ მიდგომას უზრუნველყოფს”, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

























