ევა გოცირიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებული დისკუსიისას ნიკა გვარამიას მიმართა რეპლიკით: „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“, რაზეც გვარამიამ უპასუხა: „არ მგონია, დარბაზში ვინმე დავრჩეთ მოგებული ამ ანდაზით“

ევა გოცირიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებული დისკუსიისას ნიკა გვარამიას მიმართა რეპლიკით: „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“, რაზეც გვარამიამ უპასუხა: „არ მგონია, დარბაზში ვინმე დავრჩეთ მოგებული ამ ანდაზით“

არ მგონია, რომ ძალიან მოგებულები დავრჩეთ ვინმე ამ დარბაზში ანდაზით - ასე უპასუხა „კოალიცია ცვილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე ევა გოცირიძეს, რომელმაც გვარამიას ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი რეპლიკით „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“.

მანამდე ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ჰკითხა, 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა, ინაუგურაციის პროცესთან დაკავშირებით, რა როლი ჰქონდა, კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას? გვარამიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მელიას ამ პროცესთან მიმართებით არანაირი როლი არ ჰქონია.

„რა როლი უნდა ჰქონოდა? ბატონ მელიაზე იმდენი განაჩენი დააყენეს და იმდენი სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს, მანდ რომ როლი ჰქონოდა, იჯდებოდა 15 წლით ციხეში. მერწმუნეთ,რომ არანაირი როლი არ ჰქონდა, არც სხვა საქმეებში ჰქონდა და მაინც აღუძრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი როლი არ ჰქონდა, თუმცა ახლა, სხვა ადამიანის ნაცვლად მე ვერ ვილაპარაკებ აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არა“, - განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლე ნადარაიამ გვარამიას მისსავე პირვანდელ კითხვაზე პასუხის განვრცობა მოსთხოვა.

„ასე მარტივად ვერ მოხდება ეს, „სხვა ადამიანი, ვერ ვილაპარაკებ“, პარტიის თანათავმჯდომარეა. ვისთან ერთად ქმნით პარტიას, ხომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა?“ , - აღნიშნა მოსამართლემ.

თავის მხრივ, როგორც გვარამიამ საპასუხოდ განაცხადა, არის რაღაცები, რაც შეიძლება თვითონ პირადად არ იცოდეს, იმიტომ, რომ ეს [ზურაბიშვილის ინაუგურაციისას მომხდარი] პარტიის პერიოდს არ ეხება.

„[პარტიის შექმნისას] თქვენ გგონიათ, რომ სკრინინგი ტარდება მისი წინაპრების? წინაპრების სკრინინგი რომ ჩამეტარებინა, პირდაპირ ბატონი ანზორის გამოჩენა იქნებოდა დადებითი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მთლად ასე, დეტალებში ბიოგრაფია საკუთარი ოჯახის წვერების შეიძლება არ ვიცოდე“, - განაცხადა გვარამიამ.

„მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო“ , - აღნიშნა პლენუმის მოსამართლე ევა გოცირიძემ.

გოცირიძის საპასუხოდ ნიკა გვარამიამ ასე აღნიშნა:

„არ მგონია, რომ ძალიან მოგებულები დავრჩეთ ვინმე ამ დარბაზში, ანდაზით“, - უპასუხა მოსამართლე გოცირიძეს გვარამიამ.