ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა.

სანქციების გაფართოებულ სიაში 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა.

„რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებითა და გაფართოებით, ევროკავშირი იმ ფინანსური არხების წვდომის შესაძლებლობას წყვეტს, რომლებიც სახელმწიფო შემოსავლებს ამუშავებენ და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აფინანსებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები დაუწესდა რუსული ონლაინ ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის დამფუძნებელ, ტატიანა კიმს და კომპანია Ozon-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელ ერთ-ერთ პირს.

ევროკავშირის ახალი სანქციები შეეხო რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორებს, მათ შორის, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ კომპანიებს.

ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 30 პირსა და ორ ორგანიზაციას, რომლებიც უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებასა და კიბერშეტევებში მონაწილეობენ.

სანქციების სიაში მოხვდა პრორუსული ჰაკერული დაჯგუფება NoName057(16), რომელიც სახელმწიფო ორგანოებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და კერძო კომპანიებზე კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობას იღებს.