ანტონიო კოშტა - გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა - უკრაინის, მოლდოვისა და დასვლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რწმენა რეალობად იქცეს

გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომელიც ევროპას განუხორციელებია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი მანდატის დასაწყისიდანვე გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად ვაქციე. კანდიდატ ქვეყნებს რამდენჯერმე ვეწვიე და წარმატებული გაფართოების პროცესის ხელშეწყობისთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობ მათ ლიდერებთან და ინსტიტუტებთან“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.
მისი თქმით, „გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომელიც ევროპას მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის განუხორციელებია“.
„დღევანდელ, გაურკვევლობით სავსე მსოფლიოში, გაფართოება ევროპას აძლიერებს. ის ევროპას უსაფრთხოსა და კონკურენტუნარიანს ხდის. გაწევრიანების პროცესი სამართლიანი, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს. მტკიცედ მწამს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და დასვლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს რწმენა რეალობად იქცეს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

























