ვახუშტი მენაბდე - მესმის სკეპტიციზმი, უნდობლობა ბუნებრივი გახდა, არ ვბრაზდებით, ვეკიდებით პასუხისმგებლობით - ვაშენებთ საარჩევნო ინფრასტრუქტურას და ვემზადებით, გადაწყვეტილებას კი პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით მივიღებთ

მესმის სკეპტიციზმი, ყველაზე მწვავე კრიტიკოსებისაც მესმის, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებას გვიყენებენ, [მაგრამ] ჩვენ პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება ახლა არ მიგვიღია, ორი წლის წინ მივიღეთ , - ასე პასუხობს პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახუშტი მენაბდე კითხვას, რამდენად სწორი დრო შეარჩიეს და ახლა პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილი იყო ახალი პარტიის დაფუძნება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ მათ მიმართ არსებულ უნდობლობაზე პარტიაში არ ბრაზდებიან, თუმცა პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
მან მოძრაობის გადაწყვეტილებები ქრონოლოგიურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხის ესმის, რადგან მათი იმედები ვერავინ გაამართლა, შესაბამისად, უნდობლობაც ბუნებრივი გახდა.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დისკუსიას, მენაბდეს თქმით, 2028 წლის ან შესაძლო რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ამომრჩევლის ნებისა და იმ დროისთვის არსებული პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით გადაწყდება.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება დიდი ხსნის წინ მივიღეთ. 2025 წლის იანვარში მივიღეთ პირველად გადაწყვეტილება, რომ მოძრაობა გარდაიქმნებოდა პოლიტიკურ პარტიად. 2026 წლის გაზაფხულზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხუთი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა მოძრაობას, რომ პარტიად გარდაქმნილიყო. უკვე შემოდგომაზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის პროცედურას დავიწყებდით. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება ახლა არ მიგვიღია, გადაწყვეტილება დაახლოებით ორი წლის წინ მივიღეთ. მე მესმის სკეპტიციზმი, ყველაზე მწვავე კრიტიკოსებისაც მესმის, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებას გვიყენებენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არავინ გაუმართლა ამ ხალხს. ბევრი დაპირება მოისმინეს, მაგრამ ხან ვინ ვისთან შეკრული აღმოჩნდა და თავის დაპირება დაივიწყა. უნდობლობა უკვე ბუნებრივი გახდა. უნდობლობას ჩვენ არც გულში ვიდებთ და არც ვბრაზდებით, თუმცა ვეკიდებით პასუხისმგებლობით.
ჩვენ გვგონია, არასწორი იქნება, გავცეთ პასუხი კითხვას, 2028 წელს მივიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ რაც ნამდვილად შეგვიძლია თქმა, არის ის, რომ ჩვენ ვაშენებთ საარჩევნო ინფრასტრუქტურას და ვემზადებით საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის. ეს იქნება 2028 წელი, შესაძლო რიგგარეშე არჩევნები იქამდე, თუ მისი შემდგომი არჩევნები, [გადავწყვეტთ] იმის მიხედვით, რა პოლიტიკური კონტექსტი იქნება, ჩვენი ამომრჩეველი რას გვეტყვის და რამდენად იქნება ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი. ეს გვეცოდინება არჩევნებთან ახლოს, ალბათ, 2028 წელს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდე.

























