ჯანდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ძალების ვეტერანების უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება გაითვალისწინა - მათ საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

სახალხო დამცველის ზოგადი წინადადების გათვალისწინებით, იგეგმება ცვლილება, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი დადგენილების ცვლილების პროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობას წარედგინება.
“სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება მიზნად ისახავდა იმ განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანებს, ომის ვეტერანებისგან განსხვავებით, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავდა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს მიერ ზოგადი წინადადების გათვალისწინებას და მიესალმება დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვეტერანთა უფლებების დაცვასა და სოციალური პაკეტის თანაბარ ხელმისაწვდომობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























