ლევან მახაშვილი - თუ მარტა კოსს თავის მოსულელება უნდა, მოისულელოს - რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ჭირვეულობას, მით უფრო გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი თავის წარმოდგენა, ამიტომ იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან!

მარტა კოსს თუ ასე თავის მოსულელება უნდა, კი ბატონო, მოისულელოს - ეს რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას მუდმივად ეუბნებიან, რომ შეუძლიათ დაკავშირებადობის დღის წესრიგში ჩაერთონ, მაგრამ “არ მოდიან”.
მახაშვილის თქმით, ქართული მხარე მზადაა სერიოზული საუბრებისთვის და არა საბავშვო ბაღის თამაშებისთვის.
“მარტა კოსს მე არაფერს ვუპასუხებ. თუ ასე თავის მოსულელება უნდა, კი ბატონო, მოისულელოს საკუთარი თავი. მარტივად არის სიტუაცია - ეს არის მინისტერიალი, მინისტერიალში მონაწილეობენ მინისტრები და არა ელჩები ან სხვა. იქნება მინისტერიალზე მინისტრის დონეზე მოწვევა, იქნება შესაბამისი მონაწილეობა საქართველოს მხრიდან. ეს არის პროცედურების და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება იმისთვის, რომ შენი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი კლავ ჯიუტად მოახვიო თავს ქვეყანას. ეს რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმე. ამ ნაწილში ჩვენ მზად ვართ სერიოზული საუბრებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოების, შავი ზღვის, ვაჭრობის თემატიკა თუ სხვა და არა ამ ტიპის საბავშვო ბაღის თამაშებისთვის,” - განაცხადა მახაშვილმა.
ამასთან, “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ “რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ამ ტიპის ჭირვეულობას, მით უფრო გართულდება ევროკავშირის ინტერესების დაცვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში”.
მახაშვილი ბრიუსელს მოუწოდებს, იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან.
“ეს საქართველოს ხელს არ უშლის იმაში, რომ ააშენოს პორტები, განავითაროს გზა, განავითაროს ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და რაც მთავარია, ააშენოს სწორედ ეს სავაჭრო დერეფანი საკუთარ პარტნიორებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, მეზობლებთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ერთად. ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, როგორ ბოროტად გამოიყენებენ ამ ინსტიტუტებს თუ პროცედურებს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ბრიუსელს თუ თავის მოსულელება უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ საქმე კეთდება და ჩვენ ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ.
რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ამ ტიპის ჭირვეულობას, მით უფრო გართულდება ევროკავშირის ინტერესების დაცვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ამ ჭირვეულობას, მით უფრო გაუჭირდება მას საკუთარი თავის წარმოდგენა სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან,” - განაცხადა მახაშვილმა.

























