პაატა ზაქარეიშვილი - თუ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა მოსკოვში გაიმართება, ეს კატასტროფული ნაბიჯი იქნება, ეს იქნება მესიჯი, რომ პროცესს რუსეთი მართავს - ყველაზე ლოგიკურია, ასეთი შეხვედრა ისევ პრაღაში გაიმართოს

გადაიდგა ნაბიჯი რუსეთის სასარგებლოდ - რუსეთს სჭირდება, ფეხი შემოყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინისტრის პირველ მოადგილეს ელაპარაკოს - დადგება დრო და დაიწყება „ახალი სიმღერა“: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ისედაც მუშაობს და რად გვინდა ეს ჟენევა?! - ასე აფასებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას.
ზაქარეიშვილის აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილებებში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ინსტიტუტის გაერთიანება ძალიან სახიფათოა.
მისივე განცხადებით, თუ გიორგი ზურაბაშვილს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის შეხვედრა მოსკოვში გაიმართება, ეს უსამარცხვინოესი და კატასტროფული ნაბიჯი იქნება.
“მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი აუცილებლად უნდა არსებობდეს, რაც იყო კარასინ-აბაშიძის ფორმატი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს და ურთიერთობები დაძაბულია. ამასთან, არის ბევრი საკითხი, რაც მოსაგვარებელია და სპეციალური წარმომადგენელი გვჭირდება, მაგრამ ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ უნდა იყოს. ეს ინსტიტუტი მაშინ შეიქმნა, როცა პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო. მაშინ მკაფიოდ იყო გამოკვეთილი, რომ პაატა ზაქარეიშვილი [სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2012- 2014 წლებში] კონფლიქტების საკითხს მიხედვადა, ხოლო აბაშიძე მიხედავდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, კონფლიქტის საკითხის გარეშე.
რუსეთი მუდმივად ამბობს, რომ საჭიროა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს ამაზე ხმას არ იღებს. “ქართული ოცნების“ ვერც ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა თუ პროპაგანდისტმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ურიგო არ იქნებოდა. ამ ფონზე უცბად გადაიდგა ნაბიჯი რუსეთის სასარგებლოდ - რუსეთს სჭირდება ფეხი შემოყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინისტრის პირველ მოადგილეს ელაპარაკებოდეს. გარდა ამისა, ჟენევაში ჩაიხსნა ლაშა დარსალია, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა. ის იყო ხისტი, მკაფიო, მუდმივად იყენებდა ტერმინს “ოკუპაცია“. დადგება დრო და დაიწყება „ახალი სიმღერა“: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ისედაც მუშაობს და რად გვინდა ეს ჟენევა?! ჟენევის მოლაპარაკებებში არიან აშშ-ი, ევროკავშირი და ეუთო. დღეს ჟენევაში წამყვანი ლოკომოტივი ევროკავშირია და ევროკავშირს იტანს დღეს საქართველო?! პირველ რიგში, ჟენევის ფორმატის შესუსტება უნდათ, რომელიც თვალსა და ხელს შუა სუსტდება. რაღაც მომენტში საქართველომ შეიძლება თქვას, რომ ურჩევნია პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს.
რაც შეეხება გალუზინისა და ზურაბაშვილის შეხვედრას, თუ შეხვედრა მოსკოვში გაიმართება, ეს უსამარცხვინოესი და კატასტროფული ნაბიჯი იქნება. ყველაზე ლოგიკურია ასეთი შეხვედრა პრაღაში გაიმართოს, სადაც ერთმანეთს კარასინი და აბაშიძე ხვდებოდნენ.
რუსეთს წარმატებული სიმბოლოები სჭირდება. თუ შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, ამის მესიჯი იქნება ის, რომ პროცესს რუსეთი მართავს. ამის გაკეთება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი რუსეთთან ურთიერთობებსა და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების გეგმას უკავშირებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს. მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვა და “ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა რუსეთს სჭირდება.
“ხშირად მეკითხებიან, საით მიდის საქართველო და სად არის ბოლო გაჩერება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ბოლო გაჩერებაზე ვართ. “ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ არის ის, რაც დღეს საქართველოში ხდება - არავისთან ყოფნა და ყველასგან დისტანცირება: - თავი დამანებეთ, ჩემს სახელმწიფოს მე თვითონ ვმართავ!
ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის ძალიან მკაფიო შეტყობინება აქვს: - შენ ხომ არ გინდა, რომ მე ევროკავშირში და ნატოში მივდიოდე, ნატოსა და ევროკავშირში არც მე მინდა და დადასტურებულად გეუბნები, რომ ნატოსა და ევროკავშირში არავითარ შემთხვევაში არ წავალ, დანარჩენი ჩემი იყოს - თავი დამანებე! არანაირი დსთ, არანაირი ოდკბ, არანაირი 3+3, რადგან ჩემი ხალხი ევროკავშირის მომხრეა, გაგიჟდებიან, შეიძლება რევოლუცია მომიწყონ და დამამხონ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოვიღო - ეს ჩემი საშინაო დავალებაა, ეს იდიოტები პარლამენტში არ შემოდიან და ამიტომ საერთოდ დავხურავ!
არა ივანიშვილია რუსეთის პროექტი, არამედ რუსეთია ივანიშვილის პროექტი, თუმცა ეს ამ წუთში რუსეთს აწყობს. ახლა რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია და საქართველოზე მუშაობს არა რუსეთი, არამედ ივანიშვილი მუშაობს რუსეთზე. როცა ივანიშვილი წავა, საქართველოში ევროკავშირის და ნატოს კონცეფცია ჩამოშლილი იქნება. ამასობაში, ნეიტრალიტეტის პარტიები წამოვა, სადაც რუსეთი აშკარად ჩართულია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გადაცემაში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბრიუსელში რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართული მინისტერიალი იყო, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობდა.
ზაქარეიშვილის თქმით, დაკავშირებადობის მინისტერიალზე არწასვლა საქართველოსთვის კატასტროფაა. მისივე განცხადებით, თუ გაფართოების მინისტერიალზე ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა მხოლოდ მინისტრების დონეზე იყო მიწვეული და მხოლოდ საქართველო მიიწვიეს მინისტრის დონეზე დაბლა, ეს გადაწყვეტილება არასწორია.
“დაკავშირებადობის მინისტერიალი ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალი არ არის. ეს არის მინისტერიალი ევროკავშირთან დაკავშირების ეკონომიკურ საკითხებზე, სადაც მიწვეულია ცენტრალური აზია, სომხეთი, აზერბაიჯანი. როცა საქართველოს არ მონაწილეობს, იქ შენს ნაცვლად სხვა მონაწილეობს და სხვა ინაწილებს! თუ წვეულებაზე არ მიხვალ, ამით წვეულება არ ჩაიშლება და ტორტის ნაჭერს, რაც შენს უნდა გეჭამა, შეჭამს სხვა.
არმისვლით კარგად ჩანს, რამდენად უღირთ მათ [“ქართულ ოცნებას“] საქართველოს სახელმწიფო და რამდენად უღირთ ის უცნაური ტერმინი, როგორიცაა, “ღირსება“. ჩვენი მეფეები საქართველოს გადასარჩენად ირანის შაჰთან მიდიოდნენ და თავს სწირავდნენ. რას ნიშნავს ღირსება, როცა საქმე საქართველოს ეხება? - გზა გაივლის თბილისზე, ფოთზე, ბათუმსა და ანაკლიაზე თუ გზა პირდაპირ “ტრამპის გზაზე“ გაივლის და პირდაპირ თურქეთისკენ და თურქეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ წავა. აქ ისინი საქართველოზე მაღლა, რაღაც უაზრო, იდიოტურ “ღირსებას“ დებენ. ეს არ არის ღირსება - ეს არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, ყველაფერზე ზემოდან ყურება, რასაც ღირსებასთან არაფერი საერთო არა აქვს.
ევროკავშირისთვის ჩვენ ახლა ცენტრალური აზიის კონტექსტში გავდივართ. მათ ახლა აინტერესებთ არა სახელმწიფო, არამედ ტერიტორია. გამოძახებული არიან ტექნიკური პირები, ვინც საქმე იცის - იცის კობახიძემ ზუსტად რკინიგზა სად, რომელ მონაკვეთზე, როგორი სიჩქარით მოძრაობს ან ავტობანი სად როგორი გამტარუნარიანია?!
თუ ასეთ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, ამით მხოლოდ და მხოლოდ საქართველო დაზარალდება, რადგან მთელი ტვირთები ნელ-ნელა ზანგეზურის გზაზე - ე.წ. ტრამპის გზაზე გადანაწილდება - როგორც ედუარდ შევარდნაძის დროს ბაქო - თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო - თბილისი ერზერუმის პროექტები სომხეთის გარეშე განხორციელდა, რადგან სომხეთი აზერბაიჯანის ჯინაზე არ ჩაერთო, გზა მნიშვნელოვან მოკლე მანძილზე - სომხეთზე გავა. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დიდხანს შერჩება და ასე გაჯიუტდება, ეს მილებიც მიწაში ჩარჩება და დაგვრჩება ერთი - რუსეთ-საქართველო-სომხეთის გაზის მილი. ყველა დანარჩენი მილი სხვა მიმართულებით გადალაგდება. ეს თურქეთს აწყობს კიდეც, რადგან პორტების თემა თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაზე გადავა და გემების დიდ ნაწილს შავ ზღვაზე მოძრაობა აღარ დასჭირდება. ვიდრე არსებობს მილები, პორტები და საქართველოს შანსი სადმე მიიღოს მონაწილეობა და რომელიღაც კარში მაინც ჩადგას ფეხი და ტორტი თუ არა სკამი მაინც ერგოს, კეთილი უნდა ინებონ და მონაწილეობა მიიღონ. სხვა შემთხვევაში პროცესები საქართველოს გარეშე წავა!“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირსა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობების შესრულებაზე თავად საქართველოს აქვს ნათქვამი უარი. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანა პირობებს არ ასრულებს, კანდიდატის სტატუსით მხოლოდ ქაღალდზე აღმოჩნდა და აღარ იწვევენ არსად, სადაც ევროკავშირის გაფართოებაზეა ლაპარაკი.
“საქმე ის არის, რომ საქართველომ თვითონ თქვა უარი ევროკავშირთან დიალოგზე 2028 წლამდე. იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინათ ევროკავშირის 9 პირობა, ირაკლი კობახიძე 2024 წლის ნოემბერში გამოვიდა და გაბრაზებულმა თქვა, რომ ევროკავშირთან დიალოგს საერთოდ წყვეტდნენ. ევროკავშირის პირობებს, სადაც შესვლას უნდათ, ყველა კანდიდატი სახელმწიფო ასრულებს - ასრულებს ომში მყოფი უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, მონტენეგრო. ევროკავშირს არ დაუწერია განცხადება, საქართველოში მინდა შესვლაო. საქართველო, დაწერა, რომ სურს ევროკავშირში შესვლა. მშვენიერია, როცა გინდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ უნდა ნახო, როგორია ევროკავშირის სტანდარტები, ეკონომიკა, ურთიერთობები. ევროკავშირის პირობებს შორის არის სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ბევრი ისეთი რამ, რაც “ქართულ ოცნებას“ არ სიამოვნებს. კარი ღიაა, უნდა აირო ცხრა კიბე და ღია კარში შეხვიდე - შევიდა მოლდავეთი, უკრაინა, მაგრამ საქართველო არ შევიდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

























