ელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ

ელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ

როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა.

ნათია კორკოტაძის თქმით, გადაწყვეტილება ერთადერთ აუდიოჩანაწერს დაეყრდნო, სადაც ელისო კილაძე უბრალოდ კითხვას სვამს, აქვს თუ არა ბენ ანორს „ქოლცენტრი“.

„ერთადერთ მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო, ეს იყო აუდიოჩანაწერი, რომელიც თემურ კენკებაშვილმა მიყიდა ბენ ანორს. აუდიოჩანაწერი ორჯერ თუ სამჯერ ჰქონდათ ექსპერტიზაზე. სამი დასკვნა იყო წარმოდგენილი სასამართლოში და ყველა დასკვნაში სხვადასხვა რამე ეწერა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ დაასაბუთებს სასამართლო ამ განაჩენს. როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, ერთ თვიანი ვადა გვაქვს და აუცილებლად გავასაჩივრებთ.

თქვენ იცით, რომ ეს [ჩანაწერი] დაიდო მედიასივრცეში. აქ არის საუბარი, აქვს თუ არეა „ქოლცენტრი“ ბენ ანორს, ელისო კითხულობს. საინტერესოა, როგორ შეიძლება დაეყრდნო ამ აუდიოჩანაწერს, როდესაც ელისო კითხულობს: „ბენს აქვს „ქოლცენტრი“? თუ აქვს მივხედავთ“, აინტერესებს ინფორმაცია და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება [ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობა]“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.