CNN - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საკომუნიკაციო გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საკომუნიკაციო გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა, - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ქსელი NSA Net, რომელსაც უწყების თანამშრომლები გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადასაცემად იყენებენ, მწყობრიდან გამოვიდა.
წყაროების თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შეფერხება კიბერშეტევამ გამოიწვია.
ცნობისთვის, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ტექნიკური შეფერხებების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერდა. გლობალური შეფერხება დაფიქსირდა კომპანია Microsoft-შიც. ასევე, ონლაინ ანგარიშებზე წვდომასთან დაკავშირებით შეფერხებები იყო აშშ-ის უმსხვილეს ბანკებში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაფიქსირებულ შეფერხებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მსგავსი რაღაცები ხდება“.

























