თეონა აქუბარდია - დღეს საქართველო ისეთ დაბეჩავებულ მდგომარეობაშია, არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ზურაბაშვილი არა მხოლოდ მინსკში გაუშვან, არამედ მოსკოვშიც

თეონა აქუბარდია - დღეს საქართველო ისეთ დაბეჩავებულ მდგომარეობაშია, არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ზურაბაშვილი არა მხოლოდ მინსკში გაუშვან, არამედ მოსკოვშიც

იმისათვის, რომ რუსეთმა „ახალი იალტა“ მიიღოს, ომი უნდა მოიგოს. თუმცა, ომის მეხუთე წლისთავზეც ჩანს, რომ ის გამარჯვებას ვერ ახერხებს. უკრაინული დრონების წერტილოვანი დარტყმებისა და სანქციების ფონზე, რუსეთს წინ ძალიან მძიმე ზამთარი ელის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა არა მხოლოდ მკაფიო პასუხს სცემს რუსეთს, არამედ თავადაც აქტიურად ერთვება პროცესებში.

„მოლაპარაკებებში აქტიურად ერთვება ევროპა, რომლის პოზიციაც მკაფიოა - „არაფერი გადაწყდება უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არაფერი ევროპულ უსაფრთხოებაზე ევროპის გარეშე“.

პროცესი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვას უკავშირდება. მოლდოვის ხსენება და მისი ფედერალურ მოდელად დაშლის იდეა რუსეთის დიდი ხნის ოცნება და არაერთხელ ნაცადი სცენარია. თუმცა, მოსკოვმა მკაფიო პასუხი მიიღო - ევროპული უსაფრთხოების საკითხი მისი პირობებით არ განიხილება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად არღვევს უსაფრთხოების მთავარ დოკუმენტს ჰელსინკის აქტს, რომელზეც რუსეთის ხელმოწერაც არის.

ფინეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ მშვიდობაზე საუბარი აუცილებელია, თუმცა ეს მშვიდობა ვერ შედგება კაპიტულაციის იმ პირობებით, რომლებსაც რუსეთი ითხოვს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

აქუბარდიას თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ის ანალიზი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ავრცელებენ, რეალობას მოწყვეტილი და სასურველის რეალობად გასაღების მცდელობაა.

„ანალიზი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ავრცელებენ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საზიანოდ, რეალობას მოწყვეტილი და სასურველის რეალობად გასაღების მცდელობაა. მათთვის რუსეთის დამარცხება „ქართული ოცნების“ დამარცხებას ნიშნავს. სწორედ ამით არის განპირობებული მათი ყალბი ანალიტიკა, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია, რაც ყირიმის ხიდის ფოტოებიდანაც კარგად გამოჩნდა.

ევროპამ სანქციების მორიგი პაკეტი მიიღო, რასაც რეალური გავლენა აქვს. ასევე, ფინანსური დახმარება და შეიარაღება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, ძალის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. გარდა ამისა, დასავლეთი მტკიცედ იცავს სუვერენიტეტის პრინციპს და უარს ამბობს რუსეთის შემოთავაზებულ მიდგომაზე, რომელიც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლას გულისხმობს. ამის დაშვება ევროპული უსაფრთხოებისთვის იმდენად მძიმე დარტყმა იქნებოდა, რომ დასავლეთისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ფაქტია, რომ რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმი დაემხო, ასევე შეიცვალა მისი მოკავშირე ხელისუფლება უნგრეთშიც. რუსეთის პოზიციონირება, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა, რადიკალურად შეცვლილია, დღეს მას ერთადერთი „გამარჯვება“ მხოლოდ საქართველოში აქვს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე, პოლიტიკოსმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „რუსეთთან ახალი დიპლომატიური ხაზის შექმნა, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთისგან იზოლაცია არსებობს, უკრაინაში რუსეთის აგრესიაა და საკონსტიტუციო სარჩელში [ოპოზიციური 5 პარტიის აკრძალვის შესახებ] წერია, რომ საქართველომ აგვისტოს ომის პროვოცირება მოაწყო, აჩვენებს, რომ ყველა მიმართულებით რუსეთის ინტერესები ტარდება“.

„რაც შეეხება გიორგი ზურაბაშვილს, საკითხებს, რომლებსაც ჟენევის ფორმატი განიხილავდა, ახლა გიორგი ზურაბაშვილი განიხილავს. არაფორმალური ფორმატი დიპლომატიური ფორმატის არქონის პირობებში ხდება ფორმალური. ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან მათ ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები და ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარებული აქვთ. ახალი დიპლომატიური ხაზის შექმნა, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთისგან იზოლაცია არსებობს, უკრაინაში რუსეთის აგრესიაა და საკონსტიტუციო სარჩელში წერია, რომ საქართველომ აგვისტოს ომის პროვოცირება მოაწყო, აჩვენებს, რომ ყველა მიმართულებით რუსეთის ინტერესები ტარდება.

რუსეთს საქართველოში, გარდა იმისა, რაც უკვე მიიღო, დარჩენილი აქვს ერთი მთავარი ამოცანა - გამარჯვების გაფორმება და სამხრეთ კავკასიაში შემობრუნება საქართველოს გავლით მაშინ, როცა ეს პოზიციები დაკარგული აქვს. ვგულისხმობ სატრანსპორტო დერეფნის გახსნას, შუა დერეფანზე სასაუბროდ სამჯერ დაუძახეს [საქართველოს ხელისუფლებას] ყავაზე არა, ფონდია შექმნილი და საუბარია დერეფანში არსებული ქვეყნებისთვის ფულის გამოყოფაზე, რომ ფინანსური რესურსის მიწოდება მოხდეს. რადგანაც გარკვეულ დათქმებსა და პირობებზეა საუბარი და როგორც ჩანს, [ხელისუფლებას] არაფრის შეცვლა არ სურს, ამიტომაც ამბობენ უარს მონაწილეობაზე, რაც ქვეყანას აზიანებს. აქ უკვე საუბარი აღარ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს პროცესი ამ მთავრობის პირობებში დასრულებულია. აქ საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა იხეიროს.

დღეს საქართველო ისეთ დაბეჩავებულ მდგომარეობაშია, არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ზურაბაშვილი არა მხოლოდ მინსკში გაუშვან, არამედ მოსკოვშიც. არადა, პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მას რუსეთთან და კონფლიქტებთან მიმართებით არასდროს არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, განსხვავებით ზურაბ აბაშიძისგან, რომელსაც დიდი კომპეტენცია გააჩნდა“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.