ირაკლი კუპრაძე - პაპუაშვილის განცხადება, თითქოს 2022 წელს „ლელო“ მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ტყუილი, ცილისწამება და სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა!

რეჟიმის პროპაგანდისტად ქცეული შალვა პაპუაშვილისგან ტყუილი და ცილისწამება არც პირველია და არც გასაკვირი, თუმცა, იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, თითქოს 2022 წელს „ლელოს“ წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება. როგორც კუპრაძე განმარტავს, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა.
„კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა ან ამ ცილისწამების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინოს (რაც ბუნებაში ვერ იარსებებს), ან თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის.
საზოგადოდ, რეჟიმის პროპაგანდისტად ქცეული პაპუაშვილისგან ტყუილი და ცილისწამება არც პირველია და არც გასაკვირი, თუმცა, იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რადგან „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვებზე ეს პარტია და მისი წარმომადგენლები უკიდურესად სუსტად გამოიყურებიან“, - წერს ირაკლი კუპრაძე.

























