კანადამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

კანადამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სენსორებს, სამხედრო აღჭურვილობასა და მშრალი კვების რაციონს, - ინფორმაციას უკრაინული მედიაარხი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კანადა ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც საბრძოლო მასალების მიწოდებას ითვალისწინებს, დამატებით 45 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. ამით მისი საერთო წვლილი 500 მილიონ კანადურ დოლარს მიაღწევს”, - აცხადებენ უწყებაში.
გარდა ამისა, კანადა დაახლოებით 62 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის სპეციალიზებული საჰაერო თავდაცვის სენსორების შესაძენად და 23 მილიონ დოლარს ზამთრის აღჭურვილობისთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე მიიღებს 1.6 მილიონ 20 მმ-იან ვაზნას და 250 000 ინდივიდუალურ მშრალ რაციონს კანადის შეიარაღებული ძალებისგან.

























