არჩილ გორდულაძე - ჩვენ ბევრი შეკითხვა არ გვაქვს, ყველა კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და იქნება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს

არჩილ გორდულაძე - ჩვენ ბევრი შეკითხვა არ გვაქვს, ყველა კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და იქნება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს

მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს "ლელოს" მხრიდან თუ "გახარიელი ნაცების" მხრიდან ვიხილეთ, რომ მაგალითად, ისინი საუბრობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამავდროულად, პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ წინა მოწვევაში და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც იგი ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობასთან" ერთად კოალიციაში ყოფნის გამართლება თვითმმართველობის გადარჩენის მიზეზით, მხოლოდ "გახარიელ ნაცს" შეუძლია.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს და საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან ბევრი კითხვა არ აქვს, ვინაიდან, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილია ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა.

"ამავდროულად, ბერდია სიჭინავა, რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა, როდესაც ვითომ შუამავლობას აყენებდა ან რაიმე სათქმელი ჰქონდა მოსამართლისათვის და რეალურად ამბობდა, რომ იგი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, პროკურატურაში მუშაობდა, მას ქალბატონი ნორა კვიციანის დაზარალებულად ცნობის შესაბამის დადგენილებაზეც აქვს ხელი მოწერილი და ძალიან კარგად იცის, რანი არიან "ნაცმოძრაობის" წევრები და შემდეგ, ამ ნაცმოძრაობასთან ერთად, მათ კავშირი ჰქონდათ შეკრული და ერთობა 2021-2025 წლებში. ახლაც იმავეს აგრძელებენ და ამ ყველაფერს ამართლებენ იმით, რომ თითქოს თვითმმართველობა გადაარჩინეს ოთხ მუნიციპალიტეტში. "ნაცმოძრაობასთან" ერთად კოალიციაში ყოფნას რომ თვითმმართველობის გადარჩენით გაამართლებ, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ "გახარიელ ნაცს" შეუძლია, რომ წარმოთქვას.

რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, ჩვენი სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ პარტიები შესაბამისად აიკრძალონ. ამ პოზიციას ვაფიქსირებთ არაერთხელ ჩვენს ნაწილში, როდესაც პროცესზე ვართ წარდგენილები. რაც შეეხება კითხვებს, ამას უკვე საზოგადოება იხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვების რაოდენობა არ იქნება იმდენი, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი შეკითხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს, არც საზოგადოებას არ აქვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს," - განაცხადა გორდულაძემ.

მისი განცხადებით, ოპოზიცია "თავის გადარჩენას ტყუილით" ცდილობს და სასამართლო დარბაზში ცდილობენ "ცრუ აღქმების" შექმნას.

“უშუალოდ ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა, მაგალითად, ლემონჯავა, რომელიც ახლა არის "ახალის" წევრი და ერთ-ერთი წარმომადგენელი და მან თქვა, რომ თითქოს არ ახსოვს, რა ამოიღეს "დროას“ ოფისიდან, ერთადერთი სურათები ახსოვს, სურათები დამიბრუნეთო. ეს როგორი უტიფრობაა, საზოგადოება შეაფასებს, მაშინ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებისთვის დასამზადებელი ნივთიერებები და პიროტექნიკა ამოიღეს ამ ოფისიდან და „ლაივში“ ელენე ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა, შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დიახ, იგი იყო ამ აქციების დამაორგანიზებელი და ამ აქციებზე უნდა გამოყენებულიყო ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ფეიერვერკები და მოლოტოვის კოქტეილები, რომლებიც შემდეგ უკვე გამოყენებული ვნახეთ კიდეც მანამდეც და შემდეგაც, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მედიასთან საუბრისას და დასძინა:

"კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტყუილით ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები, თავის გადარჩენას - ასეთი სტრატეგია აქვთ არჩეული და ტყუილი რამდენად კარგი სტრატეგიაა, ალბათ, ეს ბატონ ზაზა ბიბილაშვილს უნდა ჰკითხოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, იმიტომ, რომ კლასი უნდა აჩვენოს და კლასი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტყუილების ლაპარაკია და უტიფრად საზოგადოებისთვის სიცრუის შესაღება რეალობად, კი ბატონო, იყოს მათთვის კლასი, კიდევ აჩვენებენ, რა "კლასის" წარმომადგენლები არიან "ნაცები" და მათთან მიტმასნილი პარტიები.

"ნაცმოძრაობა" მოქმედებს ერთი პრინციპით, რომ მთავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები და ახლა მათ შორის სასამართლო დარბაზში ცდილობენ, რომ აღქმები შექმნან, თითქოს არც მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნა უკრაინაში მოუთხოვიათ, რაც აპრიორი გამოიწვევდა საქართველოში ცეცხლის და უბედურების გაჩენას, რაც უკრაინაში ახლა ხდება, არასდროს მოუთხოვიათ თურმე სანქციები და ამავდროულად "ლელოს" საარჩევნო კამპანია იყო ზუსტად ამ ყველაფერზე ნაწარმოები, თითქოს "ლელოს" წარმომადგენლები ისე გამოდიოდნენ, რომ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიაც კი არ აქვთ წაკითხული. ისევე, როგორც მაგალითად საუბრობდნენ, რომ არ გვაქვს წაკითხული ის ქარტია, რასაც ხელი მოვაწერეთო და ამას ამბობდა ყველა პარტია, რომელიც სასამართლოს სხდომაზე არის წარმოდგენილი. ორი ვარიანტია: ან მათმა პატრონებმა უფლება არ მისცეს, რომ წაეკითხათ და წაუკითხავად დათანხმების დავალება გასცეს, ან მეორე ვარიანტია, რომ წაკითხულიც აქვთ, გააზრებულიც აქვთ და ახლა უბრალოდ ურცხვად იტყუებიან.“ - განაცხადა გორდულაძემ.