ნინო წილოსანი - „ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს, ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“ - ვერ უარყოფენ იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ტყუილებს

„ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს, ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტია წარსულში რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, ახლა კი საკუთარ პოზიციას უარყოფს.
„ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს. ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“. ამიტომ ამის ფარგლებში ალბათ უკვე ყველაფერს იკადრებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან თავისივე ნათქვამ განცხადებებს და როგორ ეწინააღმდეგებიან არქივს, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ როგორც დამატებითი სანქციების შემოღება უნდოდათ რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ რეზოლუციაც კი დააინიცირეს პარლამენტში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებდნენ, რომ უკრაინისთვის გვებრძოლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვებრძოლა მოხალისეების გაგზავნით და მათი მხრიდან შემოთავაზებული ის მაპროვოცირებელი მოქმედებები ძალიან კარგად ვიცით სად მიგვიყვანდა. ამიტომ „ლელო“ ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც მათ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს”, - განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ტყუილი და ცილისწამება უწოდა.
კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, თითქოს 2022 წელს „ლელოს“ წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება. როგორც კუპრაძე განმარტავს, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა.

























