შალვა პაპუაშვილი - რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია - ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო, არქივი კი სავსეა მათი ამ განცხადებებით

შალვა პაპუაშვილი - რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია - ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო, არქივი კი სავსეა მათი ამ განცხადებებით

რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა მოველოდოთ მათგან, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ცილისწამებაა, „თითქოს 2022 წელს „ლელო“ ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას ითხოვდა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულს „ლელო“ არათუ ითხოვდა, 2024 წლის არჩევნებზე მათი სლოგანი იყო რუსეთის დასანქცირებაც.

„გუშინ ჩემი განცხადება ორ საკითხს ეხებოდა, ერთი იყო, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და მეორე, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი. როგორც ვნახე, პარტია „ლელოსგან“ გამოხმაურება, ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ მათ არასდროს მოუთხოვიათ, ან მხარი დაუჭერიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნისთვის. თუმცა, არაფერი უწერია მას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, რომ ამ საქმეზე შევთანხმდით, რომ „ლელო“, ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მეხსიერებასთან თუ აქვთ პრობლემა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მარტივი ტყუილი იყო, რომლის მხილებაც მალევე მოხდა. რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერას, ჩვენ ვნახეთ არქივიდან ჩანაწერი, ამ ქვეყანაში ვართ ყველა და ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია, შესაბამისად, ჩვენი უახლოესი ისტორია ასე ადვილად ვერ წაიშლება. ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა, სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა. ეს ის აქციები და მიტინგები იყო, სადაც ქალბატონმა ლომჯარიამ თქვა, რომ სირცხვილის წვა აქვს ახლა და ურჩევნია ბომბების წვა ჰქონდეს, რადგან სანქციებს არ ვაწესებდით და მოხალისეებს არ ვაგზავნიდით. გვახსოვს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება, მან „ტვიტით“ ქართველ ხალხს მიმართა, მიდით, თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ, ნება დართოს მებრძოლ მოხალისეებს და გაფრენის ნებართვა მისცესო. ზუსტად, მეორე დღეს, პარლამენტში სხდომა იყო, სადაც „ლელოს“ წარმომადგენლები და არამხოლოდ, ამ მოთხოვნას იზიარებდნენ და აყენებდნენ პარლამენტში. ასე, რომ ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს.

რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა მოველოდოთ მათგან, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით. ესეც ისტორიაა და ამასაც ვერ დაივიწყებენ, რომ ეს პარტია თაღლითების მიერ შეიქმნა და მიზანი ჰქონდა თაღლითური, ვინაიდან ანაკლიის პორტი მათ თავიანთი თაღლითობისთვის უნდოდათ და არ გამოუვიდათ. უნდოდათ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიარდ ნახევრის ამოღება, ეს იყო მთელი მიზანი ამ პარტიის შექმნის, რომ პოლიტიკური შლეიფი შეექმნათ მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოებში აწარმოვეს, დამარცხდნენ და ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში, ყველგან დამარცხდნენ, ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მილიარდ ნახევარი მოქალაქეების ჯიბიდან ამოეღოთ. თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია, ახლა თაღლითობას რომ ჩადის, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, მათმა წარმომადგენელმა არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო, არქივი მათი ამ განცხადებებით სავსეა. ბოლო-ბოლო, 2024 წელს სარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.