ვახუშტი მენაბდე მისი ოჯახის წევრების ბიზნესის შესახებ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ტყუილების კასკადს“ ეფუძნება

ახალდაფუძნებული პარტიის “სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე მისი ოჯახის წევრების ბიზნესისა და პოლიტიკური პოზიციების შესახებ სოციალურ ქსელში გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და როგორც აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილების კასკადს ეფუძნება.
”ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვგრძნობ საჯარო პასუხისმგებლობას ჩემი თანამებრძოლებისა და გულშემატკივრების მიმართ. მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია რეალობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება ტყუილების კასკადს. მარტივად გადამოწმებადი იყო ყველა ეს ფაქტი, რასაც ქვემოთ ვწერ, მაგრამ ამის გაკეთება არ სურთ ჩვენს დიდი ხნის ოპონენტებს.
მიუხედავად იმისა ტენდერებზე რაც წერია, მათგან დიდი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე საუბარს, თავად შპს „გურიამშენი“ მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.
რაც შეეხება დანარჩენს:
ტყუილი #1 (გავრცელებული “კვლევის” ღერძი და მთავარი მტკიცება, რომელიც ცრუ ინფორმაციის წყარომ მოგვიანებით წაშალა, რადგან ბევრმა მიუთითა, რომ ტყუილი იყო): „ვახუშტი მენაბდის მამას, გიორგი მენაბდეს, 2024 წლის აგვისტოში 55 000 ლარი შეუწირია წმინდა ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის.“
ფაქტი: ტყუილია. „ოცნების“ შემომწირველების რეესტრში ირიცხება ადამიანი სახელად „გიორგი მენაბდე“, მაგრამ მისი არც დაბადების თარიღი და არც პირადობის მოწმობის ნომერი არ ემთხვევა მამაჩემისას, ის სხვა ადამიანია;
ტყუილი #2: „ვახუშტი მენაბდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.“ „ფაქტობრივად, მენაბდემ და კობახიძემ ერთად დაწერეს საქართველოს ბოლო კონსტიტუცია.“
ფაქტი: სიმართლე ისაა, რომ მე ვიყავი კომისიის იმ 8 წევრს შორის, ვინც „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. მართლაც გახლდით საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ისევე როგორც ამ კომისიის წევრები იყვნენ საია-ს, TI-ის, „ღია საზოგადოება საქართველოს“, ISFED-ის წარმომადგენლები დ სხვები. კომისიის ლამის ყველა სხდომაში მივიღე მონაწილეობა, ყველა იმ პრინციპულ საკითხზე, რომელსაც არ ვეთანხმებოდი გავწიე ოპონირება, ვცდილობდი ყველა დისკუსია საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამომეტანა.
ტყუილი #3: „ჩემი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ვახუშტი მენაბდე მრავალი თვის მანძილზე საჯარო ცხოვრებიდან მიიმალა.“
ფაქტი: მარტივად გადამოწმებადი სიცრუე. არ ვიცი „მრავალ თვეში“ ზუსტად რა პერიოდი იგულისხმება, მაგრამ დაინტერესებული მკითხველისთვის უბრალო „დაგუგლვაც“ კმარა იმის სანახავად, რომ აგვისტოდან მაგალითად დეკემბრამდე (და ცხადია მერეც), მედიაში ჩემს ბევრ საჯარო კომენტარს ნახავთ პოლიტიკურ საკითხებზე, რომ არაფერი ვთქვათ სოციალური ქსელის პირად „ექაუნთზე“.
ტყუილი #4: „საინტერესო ისიცაა, რომ ჩემი შარშანდელი პოსტის შემდეგ [...] უეცრად ბიზნეს ნიუსებიც აღარ ქვეყნდება და ვახუშტისთან ინტერვიუები, როგორც ამ მარნის მფლობელის.“
ფაქტი: დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად, „რეჰანის“ შესანიშნავი ეპიზოდიც კმარა YouTobe-ზე, სადაც ჩემი 20-წუთიანი ინტერვიუა მარანზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, თუმცა, სამწუხაროდ, მოძრაობის დაარსების შემდეგ არ მრჩება ბევრი დრო ვენახისთვის და ისე ჩართული ვერ ვარ, როგორც ადრე.
ტყუილი #5: „თურმე იმ დღეს მამამისთან ოზურგეთში ჩასვლა მოუწია ამაზე სალაპარაკოდ ჩემი პოსტის შემდეგ“.
ფაქტი: სად მომიწია ჩასვლა? საიდან მოვიდა ეს დეტალი? როდესაც შარშან აგვისტოში ამ თემაზე შეიქმნა აჟიოტაჟი, საერთოდ არ ვიყავი საქართველოში და ვერც გურიაში „ჩასვლა მომიწევდა“.
ტყუილი #6: მამა და ძმა „2012 წლიდან დღემდე, […] ამუშავებს „ბეტონის ქარხანას.“
ფაქტი: მარტივად გამომჟღავნებადი ტყუილი. ეს ქარხანა მამაჩემმა, გია მენაბდემ 2017 წელის მეორე ნახევარში შეიძინა;
ტყუილი #7: „მენაბდეების ოჯახმა მდინარე ნატანებიდან 14 100 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც დაითრიეს სახელმწიფოსგან.“
ფაქტი: სიცრუე. როდესაც ქარხანა შპს-მ იყიდა, მას მოყვა ლიცენზია, ანუ ეს ლიცენზია შპს გურიამშენმა “სახელმწიფოსგან” კი არ „დაითრია“, არამედ ქარხნის წინა მესაკუთრეს ჰქონდა აღებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ეს ლიცენზია არ გამოუყენებია და ის მალევე გაყიდა“, - წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

























