ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით თორნიკე ჭეიშვილის კითხვა ზაზა ბიბილაშვილმა „ქუჩურ გარჩევას“ შეადარა, რაზეც მოსამართლემ მოუწოდა, რომ თუ პასუხი არ სურს, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანს, რასაც ბიბილაშვილმა უპასუხა: „ეს უკვე მიკერძოებული პოზიციაა“

ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით თორნიკე ჭეიშვილის კითხვა ზაზა ბიბილაშვილმა „ქუჩურ გარჩევას“ შეადარა, რაზეც მოსამართლემ მოუწოდა, რომ თუ პასუხი არ სურს, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანს, რასაც ბიბილაშვილმა უპასუხა: „ეს უკვე მიკერძოებული პოზიციაა“

ბოდიში, მაგრამ ესკითხვა ცოტა მარტივი მახეა, თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, იტყვიან: "აი, ხომ გვაღიარეთ", თუ ვიტყვით, რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წახვალთ ციხეშიო. ეს. ქუჩური გარჩევა ხომ არ არის „აღიარებთ - არ აღიარებთ“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლის თორნიკე ჭეიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თორნიკე ჭეიშვილმა პროცესზე წარმოდგენილ, ოთხივე ოპოზიციურ პარტიას კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით დაუსვა.

“ამჟამად საქართველოს ჰყავს თუ არა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური პროცედურით ფორმირებული საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციით დადგენილი წესით ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს საერთო სასამართლოები, სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები”, - იკითხა ჭეიშვილმა ოპოზიციის მისამართით.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა მოსარჩელის მიერ დასმული ეს შეკითხვა “მარტივია მახეა”.

“ეს კითხვა პოლიტიკურია და პოლიტიკური დისკუსიის საგანს წარმოადგენს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროცესის არის ის, რომ ასეთი “კვაზის სამართლებრივი მეთოდებით გადაწყდეს, რომელიც წესით პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში უნდა გადაწყდეს. კითხვა იმის შესახებ არის თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმური ერთგვარი მახეა. კანონის დარღვევით შეიქმნა კომისია და მასზე ვინც მივიდა მათ უთხრეს, რომ აი გვაღიარეთო და ვინც არ მივიდა ისინი დაიჭირეს. ეს რანაირი მიდგომაა, რანაირად არის სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ან პარლამენტიზმის წესებთან შესაბამისი ან სამართლებრივად იმ პროცესთან შესაბამისი, რომლის ნაწილიც ჩვენ ფორმალურად მაინც ვართ. შესაბამისად, მიმაჩნია რომ ეს კითხვა არ არის რელევანტური, ის არის პოლიტიკური საკითხი და ბუნებრივია ამაზე ჩვენი პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ეს პარტიის აკრძალვის საკითხთან პირდაპირ შემხებლობაში ვერ იქნება, თუ რატომ ამაზე წინა ეტაპებზე უკვე მოგახსენეთ.

ბოდიში, მაგრამ ეს კითხვა ცოტა მარტივი მახეა, რომ თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, იტყვიან: „აი, ხომ გვაღიარეთ“, თუ ვიტყვით, რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წახვალთ ციხეში. ეს არის არჩევანი, რომელსაც მხარე უტოვებს საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც მათ პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება, იმ საზოგადოებას, რომელიც იმ ფუნდამენტურ გამოწვევებს არ ეთანხმება, რომელშიც მათ ჩააყენეს, იმ საზოგადოებას, რომელიც წლების მანძილზე ამბობდა იმას, რასაც დღეს მათივე ყოფილი მაღალჩინოსნები იმეორებენ, მათ შორის, სასამართლოებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მაგალითად, ოპოზიციური პარტიები აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამკვირვებლები საუბრობდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებლობის არ ქონასა და პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე. ამაზე იყო ერთი ხელის მოსმით უარი, რომ ეს წინასწარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და დღეს ჩვენ იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ ანდო ამ ქვეყნის ბედი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს-პრემიერ მინისტრი იყო, ვისმენთ, რომ “კენგურუს მართლმსაჯულებაა” , განვუმარტოთ საზოგადოებას რას ნიშნავს ეს. ქუჩური გარჩევა ხომ არ არის: „აღიარებთ არ აღიარებთ”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილის ამ სიტყვებს, სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას პასუხი მოჰყვა.

“პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანთ თუ თქვენ პასუხის გაცემა არ გნებავთ, თუნდაც იმ მოსაზრებით რაც ბრძანეთ, გასაგებია და დაბრძანდით“, - განაცხადა ნადარაიამ.

ნადარაიას პასუხს ბიბილაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი “ეს კომენტარი უკვე მიკერძოებულ პოზიციას წარმოადგენს”.

“მე მგონია, რომ თქვენი ახლანდელი კომენტარი უკვე მიკერძოებულ პოზიციას წარმოადგენს საიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ არ მნებავს ეს უკვე თქვენი პოზიციაა”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისმა ამ რეპლიკამ მოსამართლის უკმაყოფილება და ჩაკითხვა გამოიწვია.

“თქვენ უნდა მიკარნახოთ, თქვენი პასუხიდან?”, - იკითხა ნადარაიამ.

მოსამართლის ამ შეკითხვას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მხრიდან საპასუხო რეპლიკა მოჰყვა.

“მე თქვენს გამოთქმულ აზრზე პოზიციის დაფიქსირების უფლება ხომ მაქვს? თქვენ თქვით, რომ პასუხის გაცემა არ გინდათო, როდესაც მე პასუხი უკვე გავეცი”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი ეს პასუხი სასამართლომ მიიღო და აღნიშნა, რომ შემდეგში რა დასკვნა იქნება გამოტანილი ამ პასუხისგან, უკვე სასამართლოს საქმეა.

“გასაგებია და იღებს თქვენს პასუხს სასამართლო, მაგრამ შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია”, - უპასუხა ნადარაიამ.

მოსამართლის სიტყვებს ბიბილაშვილის რეპლიკა მოჰყვა.

“ეს უკვე ღია კარის მტვრევაა, რა დასკვნასაც გამოიტანს, უკვე ვიცით”, - ბიბილაშვილი.