ნიკა გვარამია „ქართულ ოცნებას“ - ძალადობას ვემიჯნებით ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მხარის მიერ და კარგი იქნება თუ თქვენც ამას იზამთ - გაემიჯნეთ პოლიტიკურად? არ მახსოვს, რომ გაემიჯნეთ

ძალადობას ვემიჯნებით ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მხარის მიერ გამოყენებულს. ტელევიზიით ნანახი გვაქვს „ჩანგრეული“ ბავშვების სახეები, მოწამლული ხალხი და ა.შ. შეუძლებელია მსგავს რაღაცებს არ გავემიჯნოთ, - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკითხვას: „ემიჯნება და გმობს თუ არა დღევანდელი გადმოსახედიდან 2023 წლისა და 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომასა და 2025 წლის 4 ოქტომბერს დაფიქსირებულ ძალადობრივ და რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას“.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ არცერთ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, ვერ გაემიჯნება იმას, რაც არ გაუკეთებია. ყველას მოუწევს გამიჯვნა რუსთაველზე ადამიანებისთვის თვალების დათხრაზე, მომწამვლელი აირის გაშვებაზე და ა.შ. მსგავს ქმედებებთან გამიჯვნა მოუწევს ყველას, ზოგს მართლმსაჯულების გზით, ზოგს მონანიების გზით. ჩვენს კოალიციას არანაირ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა. ვიმეორებ: ძალადობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, შესაბამისად, ვერ გავემიჯნებით.
ძალადობას ვემიჯნებით ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მხარის მიერ გამოყენებულს. ნანახი გვაქვს ტელევიზიით, “ჩანგრეული” ბავშვების სახეები, მოწამლული ხალხი და ა.შ. შეუძლებელია მსგავს რაღაცებს არ გავემიჯნოთ. კარგი იქნება თუ თქვენც ამას იზამთ, მით უმეტეს, რომ ბრალდებები გაქვთ წაყენებული საკუთარი მთავრობის წევრებისთვის ამ ამბებზე და მე არ მახსოვს, რომ თქვენ გამიჯვნოდით იმას, რაზეც ბრალდებები გაქვთ წაყენებული. არ მახსოვს. გაემიჯნეთ პოლიტიკურად? - არ მახსოვს რომ გაემიჯნეთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ამ განცხადების შემდეგ დაზუსტება ითხოვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა და აღნიშნა, რომ „დუმილიც კონკრეტული კონტექსტიდან და შემთხვევიდან გამომდინარეც, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ძალადობის მხარდაჭერად“. კახიანის ამ განცხადებას უპასუხა თავად გვარამიამ და აღნიშნა, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას.
„ყველანაირ ძალადობას გავემიჯნებით ყოველთვის. 9 აპრილის ქვეყანაში ვართ და ზოგიერთისგან განსხვავებით იმავეს არ ვაკეთებთ, თვალს არ ვთხრით ახალგაზრდებს რუსთაველზე და მომწამვლელ გაზს არ ვუშვებთ. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. ვინაა მოძალადე, ამას მოგახსენებთ შემაჯამებელ სიტყვაში“, - განაცხადა გვარამიამ.

























