თსსუ-ისა და UNFPA-ს თანამშრომლობით შემუშავებული მეანი ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა დასავლეთ საქართველოს მეანი ექთნებისთვის ქუთაისში განხორციელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეანი ექთნების უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კომპეტენციების გაძლიერების მიმართულებით საქმიანობას აფართოებს. თბილისში ჩატარებული 3 შეხვედრის შემდეგ - ორი აკრედიტებული სასწავლო პროგრამიდან ერთ-ერთი - „მეანი ექთნის პრაქტიკული კლინიკური უნარები სიმულაციურ გარემოში“- ქუთაისში განხორციელდა.
2026 წლის 17–18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლობით შემუშავებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა - „მეანი ექთნის პრაქტიკული კლინიკური უნარები სიმულაციურ გარემოში“ - ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მეანი ექთნებისთვის ჩატარდა. ორდღიან სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობდა იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების 16 მეანი ექთანი.
პროგრამის რეგიონულ ფორმატში განხორციელება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. თბილისში ჩატარებული სასწავლო ციკლების შემდეგ, პროგრამის ქუთაისში გადატანა შესაძლებლობას ქმნის, უწყვეტი პროფესიული განათლების პროცესში ჩაერთონ სხვადასხვა რეგიონის სპეციალისტები, განაახლონ პროფესიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული კლინიკური კომპეტენციები.
თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა:
‘’განათლების სამინისტრომ დაამტკიცა შესაბამისი ჩარჩო კომპეტენციები, დოკუმენტაცია კი უკვე გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. 2027 წლის პირველი ივლისიდან იწყება საშუალო სამედიცინო პერსონალის რეგულირების პროცესი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია.
ჩვენი მიზანია, რეგულირების პროცესის დაწყებამდე მეან ექთნებს ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების გაძლიერებაში დავეხმაროთ.
წელს ოთხი ტრენინგი ჩავატარეთ - სამი თბილისში და ერთი ქუთაისში. ყველა პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, მონაწილეებისთვის უფასოდ განხორციელდა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 350-მდე მეანი ექთანია აღრიცხული, თუმცა ზუსტი ინფორმაცია მათი დასაქმების შესახებ არ გვაქვს. ოთხივე ტრენინგში ჯამში 80-მდე მეანმა ექთანმა მიიღო მონაწილეობა, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე პროფესიული კონტინგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოვიცავით.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რომელიც მზად იქნება, საკუთარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს. მიგვაჩნია, რომ მეანი ექთნების პროფესიული მომზადებისთვის საუკეთესო რესურსი სწორედ ამ პროფესიის გამოცდილი წარმომადგენლები არიან.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროგრამებში ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი მონაწილეობს. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მომავალში მათ არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განვითარება, არამედ ახალი თაობის მომზადებაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლებათ. ‘’
ნატალია ზაქარეიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის ანალიტიკოსი:
‘’ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ბებიაქალთა ცოდნის გაღრმავება, არამედ უწყვეტი პროფესიული განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც კომპეტენციებზე დაფუძნებულ განათლებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკას უზრუნველყოფს. ძლიერი ბებიაქალი ნიშნავს უფრო ძლიერ ჯანდაცვის სისტემას და უსაფრთხო დედობას. ‘’
პროგრამა ორიენტირებულია მეანი ექთნების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თეორიული ცოდნის განახლებასა და კლინიკური უნარების დახვეწაზე. მისი შინაარსი ეფუძნება სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრირებას. პირველი დღე თეორიულ სწავლებას დაეთმო, მეორე დღეს კი მონაწილეებმა მიღებული ცოდნა სიმულაციურ გარემოში, სპეციალური მულაჟების გამოყენებით განიმტკიცეს. პრაქტიკული მეცადინეობები რეალურ კლინიკურ შემთხვევებთან მიახლოებულ გარემოში მუშაობას, სხვადასხვა კლინიკური სიტუაციის შეფასებასა და მართვის უნარების განვითარებას ითვალისწინებდა.
სიმულაციური სწავლება სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი მეთოდია, რადგან იგი პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო სასწავლო გარემოში განივითარონ პრაქტიკული უნარები, იმუშაონ სხვადასხვა კლინიკურ სცენარზე და განამტკიცონ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენციები. მეანი ექთნების შემთხვევაში აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი პროფესიული საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება ორსულის, მშობიარის, დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის დაცვას.
თეორიულ სწავლებას უძღვებოდნენ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა და თსსუ-ის საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი მედეა ჯღარკავა. პრაქტიკულ სწავლებას ხელმძღვანელობდა თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი დალი ჩიტაიშვილი. პროგრამის ორივე კომპონენტში მონაწილეობდა საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნატალია ხაჩიძე.
ნატალია ხაჩიძე, საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტი:
წელს თსსუ-ში მეანი ექთნების საბაკალავრო პროგრამაზე ცხრა სტუდენტი გვყავს, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან წინა წლებში სტუდენტების რაოდენობა მხოლოდ ერთი ან ორი იყო.
პროფესიის პოპულარიზაციისა და განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი მკაფიოდ განსაზღვრული პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობა იყო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევიმუშავეთ კომპეტენციების ჩარჩო როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებისთვის, ასევე განვსაზღვრეთ პროფესიული უფლება-მოვალეობები.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიაში მოსულმა ახალგაზრდებმა დაინახონ განვითარების შესაძლებლობა და პროფესიული წინსვლის პერსპექტივა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, იგეგმება ხიდი პროგრამების შემუშავებაც, რაც ხელს შეუწყობს კადრების პროფესიულ განვითარებას და მათი გადინების პრევენციას.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
მეანი ექთნების უწყვეტი პროფესიული განათლების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების, უსაფრთხო მშობიარობის ხელშეწყობისა და სამეანო მომსახურების პროფესიული სტანდარტების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება, არამედ არსებული კომპეტენციების რეგულარული განახლება, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და კლინიკურ საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობა სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს და ქმნის მეანი ექთნების პროფესიული განვითარების სისტემურ შესაძლებლობას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში პირველად საქართველოში მეანი ექთნებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების ორი აკრედიტებული პროგრამა შემუშავდა:
- „პრაქტიკული უნარები მეანი ექთნებისთვის გართულებული მშობიარობის დროს“;
- „მეანი ექთნის პრაქტიკული კლინიკური უნარები სიმულაციურ გარემოში“.
ორივე პროგრამა აკრედიტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
პირველი პროგრამა – „მეანი ექთნის პრაქტიკული კლინიკური უნარები სიმულაციურ გარემოში“ - თსსუ-ში პირველად 2026 წლის 20–21 ოქტომბერს განხორციელდა. მასში 15-მა მეანმა ექთანმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამის განმეორებითი ციკლი 12–13 ნოემბერს ჩატარდა და მას 25 მეანი ექთანი დაესწრო.
მეორე პროგრამა - „პრაქტიკული უნარები მეანი ექთნებისთვის გართულებული მშობიარობის დროს“ - თსსუ-ში 2026 წლის 10–11 ნოემბერს განხორციელდა. ორდღიან სასწავლო პროცესში 18-მა მეანმა ექთანმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამა გართულებული მშობიარობის დროს საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული კლინიკური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
სამივე სასწავლო ციკლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტისა და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც საექთნო და სამეანო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.
























