სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია. იგი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიურ საქმიანობასთან ერთად შეიძინონ ორგანიზაციული და მმართველობითი გამოცდილება, ისწავლონ გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება, განსხვავებული პოზიციების მოსმენა, კონსტრუქციული დიალოგი და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა აღიქმებოდეს არა მხოლოდ წარმომადგენლობით სტრუქტურად, არამედ აქტიურ პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია უნივერსიტეტის განვითარების პროცესში. სტუდენტთა ჩართულობა, მათი იდეები და ინიციატივები საუნივერსიტეტო გარემოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს, დინამიკურსა და განვითარებაზე ორიენტირებულს ხდის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტში გამართული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც გამგეობამ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩია. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დავით ლეშკაშელმა, თანამდებობა დატოვა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის პოზიციაზე გადავიდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, სტუდენტური თვითმმართველობა საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომლის საქმიანობა სტუდენტთა ინტერესების წარმოჩენას, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებასა და უნივერსიტეტის მართვის პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას ემსახურება. აკადემიკოსი დავით გურგენიძე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის ცვლილების პროცესს, როგორც საუნივერსიტეტო დემოკრატიის, არჩევანის თავისუფლებისა და ინსტიტუციური უწყვეტობის გამოხატულებას. ამასთან, იგი მადლიერებას გამოხატავს დავით ლეშკაშელის მიმართ გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტური თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელს.

„უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სივრცე არ არის. ეს, უპირველესად, ადამიანური ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემის, თანადგომისა და ღირებულებების ჩამოყალიბების გარემოა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტსა და პროფესორს შორის არსებული ურთიერთობა. პროფესორის მისია არა მხოლოდ განათლებული, კომპეტენტური სპეციალისტის აღზრდა, არამედ ღირსეული, პასუხისმგებლიანი და ჰუმანური ადამიანის ჩამოყალიბების ხელშეწყობაცაა. სწავლა, განათლება, მეცნიერება და აკადემიური წარმატება უდავოდ უმნიშვნელოვანესია, თუმცა არანაკლებ ფასეულია ადამიანობა, სიკეთე, ერთმანეთის პატივისცემა, გულისხმიერება და თანაგრძნობა. მჯერა, რომ უნივერსიტეტის ნამდვილი სიძლიერე სწორედ ამ ღირებულებების ერთიანობაშია - ცოდნა ადამიანს პროფესიონალად აყალიბებს, ხოლო ადამიანობა განსაზღვრავს, როგორ გამოიყენებს იგი ამ ცოდნას საზოგადოების სასიკეთოდ. სწორედ ასეთი საუნივერსიტეტო კულტურის განმტკიცებაა ჩვენი საერთო მიზანი, რომლის მიღწევის უწყვეტ და თანმიმდევრულ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სტუდენტური თვითმმართველობაა.

მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო დავით ლეშკაშელის მიმართ, რომელმაც სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში გამოავლინა თავი, როგორც წარმატებულმა ორგანიზატორმა, პასუხისმგებლიანმა ლიდერმა და სტუდენტების ღირსეულმა წარმომადგენელმა. მან შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისა და პროექტის განხორციელება, ხელი შეუწყო სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის განვითარებას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. მიმაჩნია, რომ დავითმა დაკისრებულ მისიას წარმატებით გაართვა თავი და მისი საქმიანობა სათანადო დაფასებას იმსახურებს. ამასთან, მსურს, მივულოცო მას ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტის - დიზაინის საერთაშორისო სკოლის - მენეჯერად დანიშვნა, ვუსურვო წარმატებები ახალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ დავით ლეშკაშელი საკუთარი პროფესიული და ორგანიზაციული გამოცდილებით ამ მიმართულების განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მივესალმები სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი გუგუშვილის არჩევას - ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მისიის დაკისრებას. ირაკლი 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ მან აქ გაიარა პიროვნული და საუნივერსიტეტო განვითარების მნიშვნელოვანი გზა, გაიზარდა ამ აკადემიურ და საზოგადოებრივ გარემოში და უნივერსიტეტი მისთვის მშობლიური სივრცეა. საგულისხმოა, რომ ეს ახალგაზრდა სტუდენტებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და აქვს გამოცდილება, რომელიც აუცილებელია საქმიანობის წარმატებით შესასრულებლად.

ვიმედოვნებ, ირაკლი ღირსეულად გააგრძელებს უნივერსიტეტში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ იმ საუკეთესო ტრადიციებს, რომლებიც ადამიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, სიკეთეზე, თანადგომასა და საუნივერსიტეტო ერთიანობაზეა დაფუძნებული, ასევე გააგრძელებს წინამორბედის მიერ დაწყებულ არაერთ წარმატებულ პროექტს, შეინარჩუნებს მიღწეულ შედეგებს, განავითარებს ახალ ინიციატივებს და სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესო და შედეგიან მიმართულებებს შესძენს. ვუსურვებ მას წარმატებას და მჯერა, რომ უნივერსიტეტისა და სტუდენტების ინტერესების სამსახურში თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს“, - აცხადებს რექტორი.

ცნობისთვის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2027 წლის იანვარში გაიმართება.