თენგო თევზაძე - გამაოგნებელი იყო ის რამდენიმე კითხვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დასვა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით

გამაოგნებელი იყო ის რამდენიმე კითხვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დასვა, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გიორგი კახიანის კითხვას, რომელმაც ოპოზიციას ამ კითხვით მიმართა: „საკითხი, ასე რომ დადგეს და იყოს შემოთავაზება, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა? კითხვა მარტივია - კი ან არა!“
როგორც თენგო თევზაძემ განაცხადა, ეს კითხვა უცხოელს რომ დაესვა, მთელი ქართული საზოგადოება აღშფოთებული იქნებოდა.
„გამაოგნებელი იყო ის რამდენიმე კითხვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დასვა, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.
ერთადერთი, ვინც საკითხს ამდაგვარად სვამს, როგორც კითხვა დასვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არის რუსეთი, მსოფლიოში სხვა არავინაა. ჩვენთვის მთავარი არის საქართველო და საქართველოსთვის გვჭირდება ყველა კავშირი, ეს იქნება ევროკავშირი, ნატო თუ სხვა. საქართველოსთვის გვჭირდება და საქართველოს, როგორც ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოსთვის. ეს კითხვა ვინმე სხვას რომ დაესვა, უცხოელს რომ დაესვა, მთელი ქართული საზოგადოება აღშფოთებული იქნებოდა. გამაოგნებელია და საერთოდ რა შუაშია პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან, გაურკვეველი და გაუგებარია“, - აცხადებს თენგო თევზაძე.
























