ლანა გალდავა - არცერთი კონსპირაციული და დამალული შეხვედრა არ მომხდარა - „ლელოს“ არასდროს დაუჭერია მხარი უკრაინაში საქართველოს საჰაერო ბორტით ჩვენი მებრძოლების გაგზავნისთვის - პირიქით, სადაც ეს გაჟღერდა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით!

ლანა გალდავა - არცერთი კონსპირაციული და დამალული შეხვედრა არ მომხდარა - „ლელოს“ არასდროს დაუჭერია მხარი უკრაინაში საქართველოს საჰაერო ბორტით ჩვენი მებრძოლების გაგზავნისთვის - პირიქით, სადაც ეს გაჟღერდა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით!

არცერთი კონსპირაციული და დამალული შეხვედრა არ მომხდარა - არასდროს დაგვიჭერია მხარი უკრაინაში საქართველოს საჰაერო ბორტით ჩვენი მებრძოლების გაგზავნისთვის და არც განცხადება გაგვიკეთებია. პირიქით, სადაც ეს გაჟღერდა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით. ასეთი რამ არ ყოფილა! - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა,.

გადაცემაში ლანა გალდავა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ბრალდებებს, რომ „ლელო“ წარსულში რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა.

„მე „ლელოს“ საპარლამენტო მდივანი ვიყავი და საქმის კურსში ვარ ყველა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც იმართებოდა საქართველოს პარლამენტში, მათ შორის 2022 წელს, როდესაც დაიწყო უკრაინის მძიმე მოვლენები. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი კონსპირაციული და დამალული შეხვედრა არ მომხდარა.

მოსამზადებელი შეხვედრები იყო მხოლოდ იმ აპრილის ვიზიტთან დაკავშირებით, რაც გაიმართა კიევში, ბუჩასა და ირპენში და რაც გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

ამ შეხვედრას ესწრებოდა და შემდეგ უკვე უკრაინაში წავიდა ანა ნაცვლიშვილი. გარდა იმ საერთო განცხადებებისა, რაც ხდებოდა სესიაზე, სხვა განცხადება და შეხვედრები არ გაკეთებულა. ჩვენ იმ პარლამენტში 4 დეპუტატი გვყავდა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა. დანარჩენმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. არასდროს დაუჭერია „ლელოს“ წარმომადგენელს მხარი უკრაინაში საქართველოს საჰაერო ბორტით ჩვენი მებრძოლების გაგზავნაზე და არც განცხადება გაუკეთებია. პირიქით, სადაც ეს გაჟღერდა, ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. ასეთი რამ არ ყოფილა! რა ხდებოდა მიტინგზე, მიტინგზე, აქციის მონაწილე რას ამბობდა, არ გახლავთ ჩვენი შეფასების და ჩვენი საპასუხო რეაქციის თემატიკა“,- აღნიშნა ლანა გალდავამ.

გარდა ამისა, ლანა გალდავამ „ლელოს“ მისამართით სხვა ბრალდებებსაც უპასუხა, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა, რომელმაც გუშინდელ პროცესზე, „ლელო“ ძალადობის და კონსტიტუციური წყობილების დამხობის წახალისებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნულის დამადასტურებლად, პარტიის ლიდერების მიერ, სხვადასხვა დროს გაკეთებული კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები მოიყვანა.

როგორც ლანა გალდავამ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ მათ სპიკერებს ედავება იმას, თუ რატომ იყვნენ აქციებზე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და შეკრების თავისუფლების ფარგლებში, რაც დაცულია კონსტიტუციით, „ეს არის მათი პარანოიის ნაწილი“.

„როდესაც საუბარია დანაშაულსა და დანაშაულის წახალისებაზე, ამ ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურატურა. თუ რაიმე საფუძველი ჰქონდათ, აქამდე შეეძლოთ გამოძიება დაეწყოთ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ სპიკერებს ედავება იმას, თუ რატომ იყვნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და შეკრების თავისუფლების ფარგლებში, რაც დაცულია კონსტიტუციით, ეს არის მათი პარანოიის ნაწილი.

რატომ ვიყავით ქუჩაში? იმიტომ, რომ ვაპროტესტებდით კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას, არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას.

რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, თუ კონკრეტული პირების მხრიდან გაკეთდა განცხადება, გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ ამ ადამიანის „გაშავება“ პირველივე დღიდან დაიწყეს, მისი ვიზუალით, ტატუაჟით, პოლიტიკური სპიკერები სხვადასხვა ვიზუალური ეფექტის გამო აკეთებდნენ შეფასებებს და გზავნილის მიცემას სასამართლოში, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის გავაპროტესტებთ.

თუ ასაკრძალები და დამნაშავეები ვართ, სისხლის სამართლის დანაშაული გვაქვს ჩადენილი და გადატრიალებებს ვახდენდით, სისხლის სამართლის კოდექსი არსებობს და პროკურატურა. გვიჩივლონ და კონკრეტული ადამიანების მიმართ დადგინდეს ბრალი. მაგალითად, ლანა გალდავა თავისი ქმედებებით როგორ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და როგორ აკეთებდა დესტაბილიზაციის ქმედებებს“, - აღნიშნა ლანა გალდავამ.

გარდა აღნიშნული თემებისა, ლანა გალდავა იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება.

როგორც ლანა გალდავა განმარტავს, რაც აღნიშნული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ „სამართლებრივ ჭრილში არ არის დიპლომატიური ურთიერთობები თუმცა, პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია“.

„თქვენ იცით, რომ შეხვედრები ხორციელდებოდა ან ჟენევაში, ან პრაღაში, გალუზინმა მოითხოვა შეხვედრების გადატანა მინსკში, ეს ნიშნავს რუსული მხარის გამარჯვებას. ფორმატი მაღალ რეგისტრშია გადაყვანილი და მათი მოთხოვნა შესრულებულია, შეცვლილია ადგილმდებარეობა. ამას გარდა, რუსეთთან დაკავშირებით გვაქვს 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება. პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით, რა დევს დღეს მაგიდასთან, რაზე იქნება მსჯელობა არ ვიცით. დიდი მოლოდინი, რომ ძლიერად ვიქნებით კონკრეტული მიმართულებით წარმოდგენილი, დიდად არ გვაქვს. ამ ეტაპზე, ფაქტია, რუსეთმა თავისი გაიტანა და მინსკში ხდება შეხვედრა“, - აღნიშნა ლანა გალდავამ.