ვოლოდიმირ ზელენსკი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ და შეერთებულ შტატებს მე-5 მუხლთან დაკავშირებით ერთნაირი გაგება გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ და შეერთებულ შტატებს მე-5 მუხლთან დაკავშირებით ერთნაირი გაგება გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინასა და აშშ-ს ერთნაირი ხედვა აქვთ იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ფრაზა - “ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები”.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ მე-5 მუხლთან დაკავშირებით ერთნაირი გაგება გვაქვს. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები იმოქმედებენ. ასე რომ, ჩემი კითხვა ასეთია: როგორ არის ამერიკელ ჯარისკაცებთნ დაკავშირებით? მოხარულები ვიქნებოდით, ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზები რომ გვქონდეს, ისეთივე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია - სხვათა შორის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც ხომ არ არიან ნატო-ს წევრები. ასე რომ, არსებობს თუ არა ამ კითხვაზე პასუხი? ჯერჯერობით მე ასეთი პასუხი არ მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შესაძლო ხელახალ თავდასხმაზე რეაგირება. რას მოიმოქმედებენ პარტნიორები, თუ - უფრო სწორად, არა „თუ“, არამედ „როცა“ - რუსეთი კვლავ შეეცდება თავდასხმას? ეს ნათელი უნდა იყოს არა მხოლოდ პარტნიორებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც და იმ ინვესტორებისთვისაც, რომლებიც უკრაინაში შემოვლენ. მათ მკაფიო პასუხები სჭირდებათ”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში დაარწმუნეს. „ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა კუშნერმა.