ლევან ბეჟაშვილი - „სინდისის პატიმრებმა“ უნდა ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, რომ იყვნენ თავისუფლებაზე და მათი „დაბულინგება“ არ უნდა მოხდეს, ევროპარლამენტი კი ხელმძღვანელობს საქართველოს და არა ოლიგარქიული ინტერესებით

ლევან ბეჟაშვილი - „სინდისის პატიმრებმა“ უნდა ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, რომ იყვნენ თავისუფლებაზე და მათი „დაბულინგება“ არ უნდა მოხდეს, ევროპარლამენტი კი ხელმძღვანელობს საქართველოს და არა ოლიგარქიული ინტერესებით

პაატა ბურჭულაძესთან და სხვებთან მიმართებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი არის ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული ღირებულებებისთვის - ევროპელი პარტნიორები საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა ოლიგარქიული ინტერესებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია ის უკუსვლა, რაც დღეს საქართველოში დემოკრატიულობის გზაზე ხდება.

„კონკრეტულად ამ რეზოლუციით, ისევე როგორც სხვა რეზოლუციებით, რომლებიც ეხება საქართველოში დემოკრატიის ვითარებას და დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ასევე პოლიტპატიმრების სტატუსს, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია ის უკუსვლა დემოკრატიული განვითარების კუთხით, რომელიც საქართველოში შეიმჩნევა და ავტოკრატიული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცება. ამიტომ, ბუნებრივია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით და სხვებთან მიმართებით მომზადებული რეზოლუციის ახალი პროექტიც არის ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული ღირებულებებისთვის და ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ავტოკრატიული რეჟიმი არ გაიგებს, რომ ბრძოლა ქართველ ხალხთან ყოველთვის წარუმატებლად დასრულდება და მოლაპარაკებები ვერ ექნებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა ოლიგარქიული ინტერესებით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება აქციების დროს დაკავებულების მიერ საპროცესო შეთანხმებების გაფორმებასა და შეწყალების თხოვნას, ლევან ბეჟაშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არც სასამართლო და არც პროკურატურა არ არის დარჩენილი, ეს ტექნიკური საშუალებები რჩება, რაც პატიმრებმა თავისუფლების მოსაპოვებლად უნდა გამოიყენონ.

„ვფიქრობ, რომ „სინდისის პატიმრებმა“, პოლიტპატიმრებმა უნდა ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, რომ იყვნენ თავისუფლებაზე. მათი ბრძოლა ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, თავისუფლების პირობებში, კიდევ უფრო ეფექტური იქნება. ბუნებრივია, მე ვაფასებ ყველა ადამიანის პრინციპულ პოზიციას, მათი პრინციპული პოზიცია ამხნევებს და ძალას მატებს იმ საპროტესტო მოძრაობებს, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს. იმავდროულად, არ უნდა მოხდეს იმ ადამიანების „დაბულინგება“, რომლებმაც ისარგებლეს შესაძლებლობით და გათავისუფლდნენ. დღეს, როდესაც ქვეყანაში არც სასამართლოა, არც პროკურატურა არსებობს, ბუნებრივია, საპროცესო გარიგების დადება ან შეწყალების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, ეს არის რიგითი ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ „სინდისის პატიმრებმა“ და პოლიტპატიმრებმა თავისუფლება მოიპოვონ და ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.