ნინო წილოსანი - ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ

ნინო წილოსანი - ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ

ევროპარლამენტის დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ბოლო პერიოდში, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები და ევროპარლამენტში ჩატარებული დებატები ძირითადად მოითხოვს, რომ ქართველებმა კანონები გადავხიოთ და მხოლოდ მათი მითითებების მიხედვით ვიმოქმედოთ".

„ისინი ახლაც დებატებს აორგანიზებენ, სადაც ყველანაირი კანონის გვერდის ავლით, უპირობოდ და დაუყოვნებლივ დამნაშავე უნდა განთავისუფლდეს, რომელიც კანონითაა დასჯილი და თავის დანაშაულს აღიარებს. ერთადერთი გზა, პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვები, თავისუფლებაზე რომ გამოვიდნენ, არის მათივე აღიარება და სამართლებრივად შეწყალება. შესაბამისად, ამას არანაირი დებატები არ სჭირდება. ამ ადამიანებს საკუთარი თავისუფლება საკუთარ ხელში აქვთ. მათ შეუძლიათ, დანაშაული მოინანიონ და თავისუფლებაზე გამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობდნენ, სახელმწიფო გადატრიალების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას თუ პირიქით, აორგანიზებდნენ კიდეც. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ამ ადამიანების მიმართაც ჰუმანურია და ვხედავთ, რომ არაერთი დამნაშავე გათავისუფლებულა სწორედ შეწყალებით, ან სხვადასხვა ფორმით. ამიტომ, დებატები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ თითი დაგვიქნიონ და მიგვითითონ, რომ არ არსებობს კანონი და სამართალი, მხოლოდ მათი მითითებებით უნდა ვიმოქმედოთ”, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი. ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული. კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.