ევროკომისარი - გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, შეაბრუნონ ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან

თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, მის გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, ჰენა ვირკუნენმა ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
ევროკომისარმა საქართველოში შექმნილ „პოლიტიკურ კრიზისზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მნიშნველოვანი უკუსვლა განიცადა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ.
მისივე განცხადებით, ევროსტრუქტურების მხრიდან გრძელდება მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეაბრუნონ „ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან".
ევროკომისარმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის გვერდით დგას და ევროკავშირის კარი ღია რჩება თუ საქართველოს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან ხელახლა თანხვედრას გადაწყვეტს.
“ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სასამართლო დევნებსა და დაკავებებს. 2024 წლიდან საქართველომ დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა.
2026 წლის გაფართოების ანგარიშმა აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე მზარდი ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის უფრო მეტად შევიწროება, ისევე, როგორც ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია.
ამ კონტექსტში ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ პაატა ბურჭულაძის საქმეს. მაშინ, როდესაც მისი აპელაცია განიხილება, საქართველოს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი და პატიმრობის სათანადო პირობები უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის საქართველოს ვალდებულებებთან შესაბამისად “ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის” ფარგლებში და როგორც კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებთან შესაბამისად.
ევროკავშირი ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების ერთგული რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნისგან. სამწუხაროდ, ბოლო წლების მოვლენები ქვეყანას ევროკავშირის გზისგან აშორებს.
დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები დააქვეითა ხელისუფლებასთან და დახმარება შეაჩერა, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ხელისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის.
ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცედაა განწყობილი, დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც დემოკრატიული ღირებულებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად მუშაობენ.
გაფართოება არის და მომავალშიც დარჩება პროცესი, რომლებიც სრულიად იქნება დამოკიდებული ყოველი პარტნიორის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტებიდან დაწყებული.
თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, მის გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება. გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, რომ შეაბრუნონ ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან.
ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის გვერდში დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება თუ საქართველოს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან ხელახლა თანხვედრას გადაწყვეტს”, - განაცხადა ვირკუნენმა.

























