მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 23 დ 24 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ~ხალხური რეწვის დღეები” გამართავს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმს ორი დღის მანძილზე მთელი საქართველოდან ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგის 30-ზე მეტი ოსტატი ეწვევა, რომლებიც მუზეუმში მოსული სტუმრებისათვის ტრადიციულ ხალხურ რეწვაში საჩვენებელ სამუშაოებს ჩაატარებენ.;;
ნაჩვენები იქნება ქვაზე და ხეზე ორნამენტის კვეთის ტექნიკა, ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტის დამზადება. ფარდაგების, თუშური ჩითებისა და ხევსურული თათების ქსოვა, ძაფის დართვა, ხანჯლების ჭედვა, მესპილენძეობა, მეთუნეობა (ჭურჭლის ამოყვანა და გამოწვა) და სხვა დარგები.;
ღონისძიებას მუსიკა ანსამბლი “ნანინა” გააფორმებს. ბავშვებისთვის შესრულდება ქართული ტრადიციული თამაშები, ძერწვის, თექისა და თოჯინების დამზადების ვორქშოფები, შეჯიბრი ტრადიციულ თუშურ მშვილდოსნობაში და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ გადაშენების პირას მდგარი ძველი ქართული კერძები, ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები.
“ხალხური რეწვის დღეები” ეროვნული მუზეუმის ხალხური რეწვის განვითარების პროგრამის ფარგლებში ეწყობა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ხალხური რეწვის სახეობების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. ხალხური მრეწველობის მივიწყებული დარგების აღდგენასა და მათ დაცვას.
ღონისძიების მხარდამჭერია იუნესკოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტი “გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია”. ხალხური რეწვის Dდღეებზე დასწრება თავისუფალია.
;